ბელიაშვილის ქუჩაზე თბილსერვის ჯგუფის სასაწყობო ფართში გაჩენილი ხანძრის სრულ ლიკვიდირებას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. დარჩენილია ცალკეული კერები, რომელთა ჩაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე რჩება 4 სამაშველო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
ცეცხლი დაახლოებით 900 კვ.მ ფართს გაუჩნდა. დამწვარია მუყაოს ყუთები და საბურავები, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
"ბელიაშვილის 121 ნომერში ცეცხლი სასაწყობე ფართს გაუჩნდა, დაიწვა დაახლოებით 500 კვ. ამ დროისთვის, ხანძარი არის ლოკალიზებული, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 12 სახანძრო ავტოცისტერნა. დაშავებული არავინ არის. სამუშაოებს ქარი ართულებდა, იყო ასევე გავრცელების საშიშროება, თუმცა ოპერატიული მუშაობის შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისათვის, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, არის ლოკალიზებული და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები," - განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.
ადგილზე იმყოფებოდა დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი. მისი თქმით, ამ დროისთვის დამწვარი ფართის დამუშავების სამუშაოები მიმდინარეობს.
"არანაირი საშიშროება გავრცელების არ დგას. ცეცხლი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს დამწვარი ფართის დამუშავება. უბრალოდ ქარია და ძნელი სამუშაოა. საიდან გაჩნდა ცეცხლი, არ ვიცი, ეს არის საწყობი, სადაც არის პირველადი მოხმარების ნივთები. ამას გამოძიება დაადგენს," - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.