30 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტარების მოწვევას, ოპოზიცია დროის გაწელვის მცდელობად აფასებს

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრების საქმეში შესაძლო დარღვევების შესასწავლად საქართველოში ევროპარლამენტის სპეციალურ მისიას ელოდებიან. საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებას სტრასბურგში მიესალმებიან და ამბობენ, რომ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებენ.

ევროპარლამენტარებისგან განსხვავებით სკეპტიკურად უყურებს მისიას ქართული ოპოზიცია. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ რაც არ უნდა თქვას ევროპულმა კომისიამ, "ოცნება" მათ მოსაზრებას მაინც არ გაიზიარებს.

გიგი უგულავას თანაგუნდელებისთვის, ინიციატივა მმართველი გუნდის მხრიდან საქმეში არსებული კითხვის ნიშნების აღიარებას ნიშნავს, თუმცა ამის მიუხედავად ფაქტების შესასწავლად ევროპარლამენტარების საქართველოში ჩამოსვლის აზრს მაინც ვერ ხედავენ. ოპონენტებისთვის "ქართული ოცნების" მიერ სპეციალური მისიის მოწვევა თავის გამართლების მცდელობაა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ფაქტების შესწავლის შემდეგ ევროპარლამენტის კომისიის დასკვნა ხელისუფლებისთვის არასახარბიელო იქნება.

მისიის ჩამოსვლა, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია საკითხია, ამას მმართველი გუნდი ადასტურებს. ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ სწორედ ამან განაპირობა ოპოზიციის განცხადებებიც. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ოპონენტებს ფაქტების დადგენის ეშინიათ.

ევროპარლამენტართა პოლიტიკური ჯგუფებისგან დაკომპლექტებული ფაქტების შემსწავლელი მისია უგულავას საქმის დეტალების გასაცნობად საქართველოში სავარაუდოდ მარტში ჩამოვა.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები