30 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
შემზარავი მკვლელობა მარტყოფის მამათა მონასტერში - "კურიერისთვის" მომხდარის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარი მძიმე დანაშაულიდან ერთი კვირის შემდეგ ეკლესიის ეზოში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალებზე პირველად საუბრობს. ერთ კელიაში მცხოვრებ ორ მამაკაცს შორის დაპირისპირება, რომელიც მძიმე შედეგებით დასრულდა, საუზმის დროს დაიწყო. კვების დროს უსიამოვნო ხმების გამო დაწყებული ჩხუბით ამ კელიაში რუსეთიდან გამოქცეული და ეკლესიას შეფარებული იგორ დონსკოის სიცოცხლე დასრულდა.

დანაშაული ბრალდებულმა კახა შელიამ პირველივე დაკითხვის დროს აღიარა. მკვლელობის მოტივად პირადი უთანხმოება დაასახელა და აღნიშნა, რომ აღიზიანებდა, ჩაგრავდა და მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა. ეს კი საკმარისი საფუძველი გახდა იმისთვის, რომ მძინარე მამაკაცისთვის კისერში ნაჯახი ჩაერტყა და ადგილზევე მოეკლა. 

აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, დაკავებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს. იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომ შელიას მიერ 20 წლის წინ ნაჯახით მოკლული ახალგაზრდა გოგონას საქმეზე ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ადვოკატი ამ შემთხვევაშიც ელოდება, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის შემდეგ შეურაცხადობის გამო ბრალდებულს ისევ იძულებით მკურნალობაზე გაუშვებენ.

საქმეში დევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება. ყელგამოჭრილი მამაკაცის ცხედარი საწოლში გარდაცვლილთან და მკვლელობაში ბრალდებულ პირთან ერთად მცხოვრებმა ზაალ ერისთავმა ნახა. მოწმე ერთადერთი შემსწრეა იმ დაპირისპირებებისა, რომელიც კელიაში კახა შელიასა და იგორ დონსკოის შორის იყო. გამოძიებისთვის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ დანაშაულის შესახებ მომხდარიდან 12 საათის შემდეგ გაიგო, როცა მიხვდა საეჭვო გარემოებას, რომ მთელი დღის განმავლობაში 60 წლამდე მამაკაცი საწოლში გაუნძრევლად იწვა.

ამ დანაშაულის შემდეგ კახა შელიამ მონასტრის ტერიტორია დატოვა. მარტყოფიდან ჩავიდა თბილისში და შემდეგ გაემგზავრა ხობში, მშობლიურ სოფელ ხორგაში. იქ, სადაც მისი ოჯახი ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიისა და შურისძიების შემდეგ ცხოვრებას აგრძელებდა. მიმალვა საკუთარ ბიძაშვილებთან სცადა. თუმცა მალევე პოლიციამ მისი ადგილსამყოფელი დაადგინა და დააკავეს.

უკვე მეათე დღეა გარდაცვლილის ცხედარი ისევ ექსპერტიზის ბიუროშია დასვენებული. დაზარალებულს უფლებამონაცვლე ჯერ ისევ არ გამოუჩნდა. კურიერის ინფორმაციით, მას ხვალ დამპალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

დღის ამბები