30 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
არის თუ არა დარღვევები გიგი უგულავას საქმეში - საქართველოში ევროპარლამენტის სპეციალურ მისიას ელოდებიან

არის თუ არა დარღვევები გიგი უგულავას საქმეში - ფაქტების შესასწავლად საქართველოში ევროპარლამენტის სპეციალურ მისიას ელოდებიან. რა შემადგენლობის იქნება ის და როდის ჩამოვა ევროპარლამენტარების მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი საქართველოში, ჯერჯერობით  უცნობია. მმართველი გუნდის ინიციატივას მალევე დაეთანხმნენ ევროპელი სოციალისტების პარტიის წევრები. ხელისუფლების შეთავაზებას სტრასბურგში მიესალმებიან და ამბობენ, რომ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებენ, თანაც მსგავსი მისიების შექმნის პრეცედენტიც არსებობს.

ევროპარლამენტარების მიერ დაკომპლექტებული ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლაზე კითხვები აქვთ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ გაურკვეველია რა ინსტიტუციური მანდატი შეიძლება ჰქონდეს მსგავს მისიას. ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ თუ ევროპელი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა საბოლოოდ გადაწყდება, სპეციალურმა ჯგუფმა არა მარტო უგულავასი, არამედ ყველა იმ პირის საქმე უნდა შეისწავლოს, ვისთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ პოლიტიკური მოტივით დევნა მიმდინარეობს.

ოპოზიციას სტრასბურგშივე უპასუხეს მმართველი გუნდის ლიდერებმა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ყველა კითხვის ნიშნის მოხსნას მას შემდეგ ელოდებიან, რაც ევროპარლამენტარების სპეციალური ჯგუფი ყოფილი მერის საქმეს შეისწავლის.

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა. 4 ევროპარლამენტარი საქართველოში პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და კითხვები აქვთ უზენაესი სასამართლოს განაჩენთან, დროის შერჩევასთან და მოტივაციასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროპის ის მეგობარია, რომელთანაც დასავლეთს ახლო ურთიერთობის შენარჩუნება სურს.

უგულავას დაპატიმრებით შეშფოთებულია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც.

გიგი უგულავას დაკავებასა და ამ ფონზე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე განცხადებები კეთდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. უზენაესი სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით კითხვები აქვს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს. მოვლენებს აფასებს "აირაის" პრეზიდენტიც. დენიელ ტვაინინგი ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლოს იარაღად გამოყენება დაუშვებელია. საერთაშორისო საზოგადოების მზარდ შეშფოთებას იზიარებს ეუთო/ოდირის დირექტორიც, რომელიც ამბობს, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი დიალოგის ჩაშლას.

დღის ამბები