ოპოზიცია საქართველოს შესახებ რეზოლუციის ჩავარდნაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მსგავსი სიტუაცია სასიკეთოდ არ წაადგება ქვეყნის ევროპულ მომავალს.
""ქართულმა ოცნებამ" დაბლოკა ორივე შესწორება, როგორც ევროპარლამენტარების, ასევე ოპოზიციის, შესაბამისად ევროპარლამენტის წევრების უმრავლესობამ თქვა, რომ შესწორების გარეშე მათთვის მისაღები არ იყო დოკუმენტის იმ სახით მიღება, რომელი სახითაც მიღება "ქართულ ოცნებას" უნდოდა. ეს შესწორებები შეეხებოდა დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნას, საარჩევნო სისტემას და ა,შ.
"ქართულმა ოცნებამ" საკუთარი გადაწყვეტილებით დაბლოკა იმ დოკუმენტის მიღება, რომელიც მაგალითად აცხადებდა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აუცილებლად უნდა ჰქონდეს. აი ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ხაზს უსვამს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტი კრიტიკული შენიშვნების გამო ჩააგდო:
"მმართველი პარტია იყო უმრავლესობით წარმოდგენილი ქართული მხარის დელეგაციაში და პრაქტიკულად ყველა შესწორება და დამატება ჩააგდეს, რომელიც იყო კრიტიკული და მეტნაკლებად ასახავდა რეალობას. ევროპარლამენტარები ამაზე, რა თქმა უნდა, განაწყენებულები, ასევე წავიდნენ იმ ცარიელი, გამოშიგნული დოკუმენტის საწინააღმდეგოდ და საბოლოო ჯამში, ორივე მხარის უმრავლესობამ დოკუმენტს მისცა ხმა წინააღმდეგ. ევროპარლამენტარებმა იმიტომ, რომ იგი იყო დაცლილი შინაარსისგან და ქართულმა დელეგაციამ, მისი უმრავლესობის წყალობით, იმის გამო, რომ იქ იყო კრიტიკული შენიშვნები, რომლის გაზიარებაც მათ არ სურდათ,"- აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.