ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია ჩააგდეს. ევროპარლამენტარები და "ქართული ოცნება" საერთო ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ევროპარლამენტარები ითხოვდნენ შესწორებებს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში მოხვდებოდა გიგი უგულავას დაკავება, 20 ივნისის მოვლენები და სხვა გახმაურებული საკითხები, რასაც ქართული ოცნების წევრები არ დაეთანხმნენ. წესდებით რეზოლუციაზე უნდა იყოს კონსენსუსი, რადგან არსებობდა წინააღმდეგობა, დოკუმენტი საერთოდ ჩავარდა.
ევროპარლამენტარები განვითარებული პროცესებით იმედგაცრუებულები არიან.
"რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ იმიტომ, რომ აქამდე ძალიან ბევრი შეხვედრა შედგა ქართველ და ევროპელ პარლამენტარებს შორის და მიიღეს არაერთი დეკლარაცია და განცხადება. ჩემთვის ეს არის კეთილი ნების გამოხატულება, დეკლარაცია დაბალანსებულია, ის უნდა იყოს კრიტიკული და ისეთი შინაარსის დოკუმენტი, რომელსაც გარკვეული მიზანი ექნება. მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი შესწორება, რომელიც მივიღეთ, არ იყო კონსტრუქციული. როცა ნახავთ ჩასწორებების სიას, ბევრი პოლიტიკური განცხადებაა მასში, რომელიც არ ეკუთვნის ევროპარლამენტს.
იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ან შევწყვეტთ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე. ადამიანებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩასწორებებს, 10 შესწორებას და ხმა მისცეს დეკლარაციის წინააღმდეგ, რთულია, რომ ისინი განვსაჯო, მე როგორც ხელმძღვანელი, რასაც ვერიდებოდი, ეს არის გამეორება შიდა პოლიტიკური დებატებისა. ამის ადგილი არაა ევროპარლამენტი, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდება. ევროპარლამენტი ის ადგილია, სადაც ვუსმენთ ორივე მხარეს და ვეძებთ კონკრეტულ გზებს, დღეს ვერ დავინახე საკმარისი სურვილი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის," - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარია კალიულანდმა.