30 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
გიგი უგულავას საქმე - საერთაშორისო რეზონანსი

პარტია "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 10 თებერვლიდან ე.წ მატროსოვის ციხეშია.

ე.წ ფონდის საქმე

თბილისის ყოფილ მერს თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვაში სდებენ ბრალს.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების სასარგებლოდ, ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე გიგი უგულავას თავდაპირველად ბრალი 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და მესამე ნაწილის "ა" და "ბ"  ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით)

2018 წლის 28 თებერვალს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე მოსამართლე მაია შოშიაშვილმა გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილზე (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.  თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და პატიმრობაში მყოფ თბილისის ყოფილ მერს სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.

2020 წლის 10 თებერვალს კი უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, შეცვალა სასამართლოს წინა ინსტანციების განაჩენი და გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის უკვე მოხდილი ნაწილის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

რა მოვლენებს დაემთხვა უგულავას მორიგი პატიმრობა

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მე-5 რაუნდის წინ მოხდა, რომლის 4 რაუნდიც დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით შედგა, თუმცა არცთუ ისე შედეგიანად.  უგულავას დაკავების შემდეგ დიალოგში მონაწილე ოპოზიციური ლიდერები ერთხმად აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკება შეწყდა.  

  "ევროპული საქართველოს" ლიდერის დაკავება და  მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებები:

 

რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი

"დღეს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დაიჭირეს. მას 38 თვე მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელი უკვე მოიხადა. მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ ეს უბრალოდ გვაწუხებს. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა."

აშშ-ის საელჩო საქართველოში

"აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს. დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად,"

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი

"სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული ოპოზიციის დევნისთვის. ეს დემოკრატიული საზოგადოებების ვალდებულებაა. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტი იქნება,"

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან პეტრას აუსტრევიჩუსი

"ეს არის ნათელი მესიჯი, რაც ხდება საქართველოში. ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება საყურადღებოა. მნიშვნელობა არ აქვს, რის საფუძველზე მოხდა. ეს წლების განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს. ეჭვი ჩნდება, რომ ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური დაძაბულობაა, საერთო ენაზე არ საუბრობენ. საარჩევნო სისტემაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დაპირება არსებობდა. დიალოგი არ მიიწევს წინ და ეს შეშფოთებას იწვევს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების თანახმად ჩვენი პარტნიორია და ეს ეხება ადამიანის უფლებების კრიტერიუმს, ამავდროულად, ეს ყველაფერი ხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის გადაწყვეტილებამდე, თუ როგორ ვუპასუხებთ წევრ ქვეყნებს, სადაც საქართველოს მოწინავე ქვეყანაა. ველით ძლიერ არგუმენტებს როგორც ბრიუსელიდან, ისე თბილისიდან. ამ ნეგატიური გზავნილების გამო როგორც ჩვენი, ისე თბილისის პოზიციები სუსტდება,"

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

"ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით.

ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება.

როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, მოვუწოდებთ მხარეებს დააახლოონ განსხვავებული პოზიციები და გააძლიერონ დემოკრატია,"

"ევროპის სახალხო პარტიის" წევრი მაიკლ გალერი

"საქართველოდან სამწუხარო ამბები მოდის. არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა ისევ ციხეშია. ვისმენთ ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზეც. ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. ეს საფრთხეში აგდებს კონსენსუსს საარჩევნო რეფორმის შესახებ,"

ევროპარლამენტარი ესპანეთიდან ნაჩო სანჩეს ამორი

"გიგი უგულავა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხის საკანში,"

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი

"ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას საქმეს თვალს ვადევნებთ. ჩემს კოლეგებთან ერთად ევროკავშირიდან საშუალება მქონდა ვერდიქტს გავცნობოდი და დეტალურად განმეხილა. ჩვენ ყველას, განაჩენის გარემოებებთან დაკავშირებით შეკითხვები გვაქვს. აგრეთვე, ვეთანხმებით იმას, რომ ეს მოვლენა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ხელს არ შეუწყობს, რომელიც გამიზნულია არსებული პოლარიზაციის განსამუხტად. ცხადია, პოლიტიკური დიალოგი უფრო გართულდა. ვიცით, ბევრი დრო არ დაგვრჩა იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, ეს გამოწვევაა. ფასილიტატორები განვაგრძობთ ჩვენს მცდელობას და მუდმივად გვექნება მხარეებთან შეხვედრები, ვეცდებით, რომ ვიპოვოთ შესაძლებლობა დიალოგის განახლებისთვის. ამ მცდელობას, ჩემს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად ვახორციელებ,"

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადება

"ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებას ოპოზიციის ლიდერ გიგი უგულავას წინააღმდეგ ყურადღებით აკვირდება. განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები არ უწყობს ხელს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ასე საჭიროა საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის.

სასამართლო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა ის ძირითადი ვალდებულებებია, რომლებიც საქართველოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს. ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას ყველა სხვა მაღალი ინტერესის სასამართლო პროცესებზე საქართველოში,"

ევროპარლამენტის წევრი ესტონეთიდან სვენ მიქსერი

"რაც შეეხება გიგი უგულავას დაკავებას, ეს ძირს უთხრის პოლიტიკურ ნდობას, განსაკუთრებით კი ოპოზიციურ პარტიებში. ეს კი ნამდვილად არ გახდის უფრო იოლს გამოსავლის ძიების პროცესს, მათ შორის, საარჩევნო ნაწილში. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ საკითხზე სრული სიცხადე არსებობდეს,"

ესტონეთის საგარეო უწყება

"ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციაზე, რაც ძალიან საჭიროა,"

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  ან ლინდე

„შვედეთი უგულავას საქმის გარშემო არსებული გარემოებების გამო ევროკავშირის შეშფოთებას იზიარებას. როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, მოგიწოდებთ, გადადგათ ნაბიჯები პოლარიზაციის შესამცირებლად და დაიცვათ უმაღლესი სტანდარტები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ,"

ევროპარლამენტარი კატი პირი

"ჩვენ გიგი უგულავას საკითხი განვიხილეთ, გვერდიდან ეს ძალიან უდროო გადაწყვეტილებად ჩანს. მაინტერესებდა საკითხზე ყველა დეტალის მოსმენა, თუ რატომ წაიღო განხილვებმა 7 წელი და რატომ დადგა ვერდიქტი არჩევნებამდე 6 თვით ადრე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ აქამდე განვითარებულ მოვლენებზე საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილში, თუმცა ვიცით, რომ გიგი უგულავას საქმემ ეს პროცესი შეაფერხა. ევროპარლამენტარებს გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, მიაღწიონ გაგებას იმ საკითხზე, რომ არჩევნების თემაზე საქართველოს მოქალაქეებს ნდობა ჰქონდეთ და იცოდნენ, რომ ამ ყველაფერს ევროპარლამენტარებიც აკვირდებიან. მმართველი პარტია ხალხს საკონსტიტუციო ცვლილებას დაჰპირდა და ვერ უზრუნველყო იგი. უგულავას საკითხი უზენაესი სასამართლოს მიღმა იყო, თუმცა რთულია ამაზე პასუხი მხოლოდ მმართველ გუნდს მოსთხოვო. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მსგავსი რამ, უკიდურესად დიდ დისკომფორტს იწვევს,"

 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი

"შეშფოთებული ვარ უგულავასთვის პატიმრობის მისჯით და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება გამოყენებული იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად. მმართველმა ძალამ სამართლიანი კონკურენცია უნდა უზრუნველყოს. კანონის უზენაესობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში უმნიშვნელოვანესია,"

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა "განახლებული ევროპა",

ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც პეტრას ოუშტრავიჩუსირამონა სტრუგარიუ, ბერნარ გეტა და კარენ მელჩიორი შედიან, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 4 ევროპარლამენტარი საქართველოში პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ფაქტს ქვეყნაში დემოკრატიის უკან დახევად აფასებს.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები

უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს განაჩენი გადაწყვეტილების პროცედურასთან, დროის შერჩევასთან და მოტივაციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. განცხადებას ხელს აწერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საგარეო საქმეთა კომიტეტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიკსერი. დოკუმენტში წერია, რომ მიმდინარე პროცესი ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაში დაძაბულობას აღრმავებს.

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა "განახლებული ევროპა", რომლის შემადგენლობაშიც პეტრას ოუშტრავიჩუსირამონა სტრუგარიუ, ბერნარ გეტა და კარენ მელჩიორი შედიან, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 4 ევროპარლამენტარი საქართველოში პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ფაქტს ქვეყნაში დემოკრატიის უკან დახევად აფასებს.

მოამზადა: ნინო ზედგენიძემ

დღის ამბები