ესტონეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტში გამართულ დებატებზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ საქართველოს მხარდაჭერა დააფიქსირა.
სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა ესტონეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობაზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მხარდაჭერას პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის, მათ შორის, მათთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის მიმართ. ამასთან, მინისტრის თქმით,"აღმოსავლეთ პარტნიორობის” მოახლოებული სამიტის კონტექსტში, პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების გაგრძელება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც განგრძობადი მხარდაჭერა თავად ევროკავშირის მხრიდან.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არ წყვეტს თავისი მეზობლების მიმართ აგრესიული ქმედებების განხორციელებას, დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი ურთიერთობების დაწყება წარმოუდგენელია,“ - აღნიშნა ურმას რეინსალუმ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევებზე, ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ესტონეთის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრობის მნიშვნელობაზე, ასევე, ნატო-ს ევროკავშირისა და აშშ-ის როლზე ესტონეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.