ტურისტული გემი, რომელიც ოთხმა ქვეყანამ კორონავირუსის საფრთხის გამო პორტში არ შეუშვა, კამბოჯის სანაპიროს მიუახლოვდა.
კამბოჯა ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც ლაინერის მიღებას დათანხმდა. გემზე 3 ათასი მგზავრია და კორონავირუსით არცერთი მათგანი არ არის ინფიცირებული.
გემს უარს მხოლოდ იმ მიზეზით ეუბნებოდნენ, რომ მან მოგზაურობა ჰონგ-კონგიდან დაიწყო. ჰონგ-კონგში ახლა ვირუსით 50 ადამიანია ინფიცირებული. 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით ჩინეთში ეპიდემიამ 1117 ადამიანი იმსხვერპლა. დაინფიცირებულია 45 ათასზე მეტი. ჩინეთის გარდა, 27 ქვეყანაში პნევმონიის გამომწვევი ვირუსის 520 შემთხვევა ფიქსირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 400-ზე მეტი სპეციალისტი ვირუსთან ბრძოლის გზებზე დღესაც მსჯელობს.