30 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
დიალოგი, როგორც კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი გზა - ევროპარლამენტარებს ქართული დელეგაცია შეხვდა

სტრასბურგში, სადაც ქართული დელეგაცია ევროპარლამენტარებს კატი პირის და კარლა დობროვას შეხვდა, გიგი უგულავას დაკავების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო. დეპუტატებმა სურვილი გამოთქვეს ჩიხში შესულ დიალოგში ევროპარლამენტიც ჩაერთოს.

როგორც ევროპარლამენტარები ამბობენ, არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია დიალოგი. იმავეს იმეორებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებისა და შეთავაზებების მთავარი ინიციატორი ოპოზიციასთან სწორედ მმართველი გუნდი იყო. 

"აუცილებელია დიალოგი. ის შეთავაზებები, რომელიც ოპოზიციასთან გვქონდა ჩვენი მხრიდან არის ინიცირებული. შესაბამისად ვითვალისწინებთ ევროპარლამენტარების აზრს იმ ნაწილში, რომ დიალოგისთვის მნიშვნელოვანია ორი მხარე და არა ერთი მხარის ჩართულობა. ოპოზიცია უნდა ჩაერთოს დიალოგის რეჟიმში და ამ გზით გადაწყდეს არსებული პრობლემა," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა. 

სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მმართველი გუნდის წევრებისა და ევროპელი დეპუტატების მსგავსად, დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა ოთარ კახიძემაც, თუმცა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამის ნაცვლად ძალმომრეობას იყენებს. 

"თუკი ევროკავშირისა და აშშ-ს შუამდგომლობით პროცესი შედეგს გამოიღებს, ეს ქართული დემოკრატიისთვის ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება ხელისუფლებასთან დიალოგს, ერთი ხელით გეუბნებოდნენ მოდით დიალოგი ვაწარმოოთო და მეორე ხელით ციხეში გიშვებდნენ ეს ძალმომრეობაა და არა დიალოგი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, ოთარ კახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები