30 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ევროპარლამენტარები ინტერესდებიან, რატომ დასჭირდა უგულავას საქმეს 7 წელი და რატომ დაემთხვა გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდს

სტრასბურგში, მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობა და გიგი უგულავას დაკავება განცხადებების მთავარი თემაა. 

ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში ოპოზიციის ლიდერის დაკავება ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. მათ უკვირთ, რატომ დასჭირდა საქმეს 7 წელი და რატომ დაემთხვა პროცესები წინასაარჩევნო პერიოდს.

"ჩვენ გიგი უგულავას საკითხი განვიხილეთ, გვერდიდან ეს ძალიან უდროო გადაწყვეტილებად ჩანს. მაინტერესებდა საკითხზე ყველა დეტალის მოსმენა, თუ რატომ წაიღო განხილვებმა 7 წელი და რატომ დადგა ვერდიქტი არჩევნებამდე 6 თვით ადრე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ აქამდე განვითარებულ მოვლენებზე, საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილში, თუმცა ვიცით, რომ გიგი უგულავას საქმემ ეს პროცესი შეაფერხა. ევროპარლამენტარებს გვსურს დავეხმაროთ საქართველოს, მიაღწიონ გაგებას იმ საკითხზე, რომ არჩევნების თემაზე საქართველოს მოქალაქეებს ნდობა ჰქონდეთ და იცოდნენ, რომ ამ ყველაფერს ევროპარლამენტარებიც აკვირდებიან.

მმართველი პარტია ხალხს საკონსტიტუციო ცვლილებას დაჰპირდა და ვერ უზრუნველყო იგი. უგულავას საკითხი უზენაესი სასამართლოს მიღმა იყო, თუმცა რთულია ამაზე პასუხი მხოლოდ მმართველ გუნდს მოსთხოვო. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მსგავსი რამ, უკიდურესად დიდ დისკომფორტს იწვევს," - განაცხადა კატი პირიმ.

ევროპარლამენტის დეპუტატები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სკანდალებს დიალოგის სიმცირეს აბრალებენ და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ და ოპოზიციამ დიალოგი აწარმოონ.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება, რათა იყოს მშვიდობა და დემოკრატია ამ ქვეყანაში.

ყველგან ხდება პოლიტიკური სკანდალები, თუნდაც მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ დიალოგი აწარმოონ. კომუნიკაციის გარეშე ჩიხია, ამიტომ ყველას მოვუწოდებ კომუნიკაციასა და მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომისკენ, ესაა ჩვენი პოზიცია," - აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა კარლა დობროვამ.

სტრასბურგში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომები იწყება. ქართული დელეგაცია ევროპარლამენტარებს კატი პირის და კარლა დობროვას შეხვდა. მათ სურვილი გამოთქვეს ჩიხში შესულ დიალოგში ევროპარლამენტიც ჩაერთოს.

დღის ამბები