"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთვის ძველ საქმეზე წაყენებულ ახალ ბრალსა და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას საგანგაშოდ თვლის ოპოზიცია. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე თვლის, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნატოსა თუ ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციაზე უარყოფ გავლენას მოახდენს.
"ქვეყანაში რომ დემოკრატია არ არსებობს, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკურ იარაღად, ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების, ივანიშვილის რეჟიმის შეფასებაა, თუმცა, თუ ჩვენ ამ გზაზე ძალიან სწრაფად არ ვაჩვენეთ გაუმჯობესება, თუ ქვეყანაში არ შეიქმნა პირობები სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის და, რაც მთავარია, თუ არ შეიცვალა ივანიშვილის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ეს შემდგომ აისახება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ ამოცანაზე უსწრაფეს ინტეგრაციაზე ნატოსა თუ ევროკავშირში,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილი განცხადებით გიგი უგულავას დაკავებამ, რომელიც პოლიტიკურ დევნად შეფასდა, შესაძლოა, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის საწინააღმდეგოდ დაიწყოს მუშაობა.
"დასავლელი პარტნიორები, ასევე, ქვეყნის შიგნით როგორც პოლიტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ამ ქმედებას ცალსახად აფასებენ, როგორც პოლიტიკურ დევნას და, შესაბამისად, პასუხისმგებლობას აკისრებენ ხელისუფლებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" დროზე მოახდინონ რეაგირება ამ ვითარებაზე, მანამ, სანამ ამ უარყოფითმა რეაქციამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ დაიწყო მუშაობა,"-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი