30 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
მიხეილ კალანდია სასამართლოს ჩვენებას არ აძლევს - განცხადება ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე გააკეთა

დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია სასამართლოს ჩვენებას არ აძლევს. განცხადება ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე გააკეთა. 

მიხეილ კალანდიას განმარტებით, უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმი არ გადასცა. ბრალდებულის თქმითვე, მისთვის უცნობია თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

"უზენაეს სასმართლოს 2020 წლის 28 იანვრის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერები არ გადმოუცია. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვიმსჯელოთ, ჩამოვაყალიბოთ ჩვენება და გავცეთ როგორც ბრალდების, ასევე სასამართლოს კითხვებზე პასუხები. ვინაიდან ჩვენთვის უცნობია, რა მტკიცებულებებს ემყარება ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

მე მზად ვიყავი სასამართლოსთვის სრულყოფილი ჩვენება მიმეცა, თუ რა მოხდა 2017 წლის 1 დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან გიორგი ჯანაშიაზე სავარაუდოდ, განხორციელებულია გენერალური პროკურატურის მხრიდან ზეწოლა, შეიძლება პროკურატურამ მისგან სასურველი საპროცესო შეთანხმება მიიღო.

ჩემგან მიცემული ჩვენება არ იქნება სათანადოდ შეფასებული, რამეთუ, ის წინააღმდეგობაში მოვა 28 იანვრის საპროცესო შეთანხმებასთან.

ჩემი ჩვენება ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკურ შემკვეთებს სურთ,"- განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით, პროკურატურას მათთვის მოთხოვნილი დოკუმენტები არ გადაუცია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დოკუმენტების გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობა არსებობდა.

"ჩვენთვის არ გადმოუციათ აღნიშნული დოკუმენტები, ჩვენ ფარული და დამალული არაფერი არ გვაქვს. დახურულ რეჟიმში რატომ უნდა ვაწარმოოთ მსგავსი რამ, ან ფარულად სარდაფებში რატომ უნდა გავეცნოთ საქმის მასალებს, მაშინ როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ გადაეცით დაცვის მხარეს დასახელებული დოკუმენტები,"- განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი ბესიკ ქვარცხავა აცხადებს, რომ სასამართლომ დაცვის მხარეს შესთავაზა სხდომის ჩანაწერის გამოკვლევა და განხილვა, თუმცა ამაზე დაცვის მხარემ უარი განაცხადა.

"მათ სასამართლომ შესთავაზა დღევანდელ სხდომაზე ჩანაწერის გამოკვლევა, ამ ჩვენების გამოკვლევას თავად ითხოვდა და ამ ჩანაწერს უკავშირებდა თავისივე უარს ჩვენების მიცემაზე. დასკვნა არის ერთადერთი, რომ რეალურად სხდომის ჩანაწერების მათ ხელში არარსებობა არ არის ის მიზეზი, რის გამოც ჩვენებაზე უარს ამბობენ," - განაცხადა საქმის პროკურორმა.

დღის ამბები