ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან ერთი თვის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 43 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეპიდემიის ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში 103 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, არ გაზრდილა კორონავირუსის გავრცელების არეალი, დაავადება ისევ 27 ქვეყანაში ფიქსირდება.
მსოფლიოს ძალისხმევას, შეაჩეროს ვირუსის გავრცელება, არასაკმარისს უწოდებს ეპიდემიოლოგი ჰონგ-კონგიდან. გაბრიელ ლონგი აცხადებს, რომ ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირდა, თუ მკაცრ ზომებს არ მიმართავენ, გაიზრდება რისკი, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 60% დაინფიცირდეს. ლონგი დღეს ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, სადაც 400-ზე მეტი მეცნიერი ვირუსთან ბრძოლის მეთოდებზე მსჯელობს. სიმპოზიუმზე კორონავირუსს უკვე ეწოდა მსოფლიოს უდიდესი საფრთხე.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ახალი დაავადების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ. ანალოგიური მოსაზრება აქვთ ჩინელ ექიმებსაც.
ვირუსით ინფიცირების წყაროდ ექიმები ღამურებსაც ასახელებენ. მიუხედავად საფრთხისა ინდონეზიაში მისი ხორცი კვლავ პოპულარულია და მოხმარებაც არ შემცირებულა.
ინდონეზიისგან განსხვავებით ზომები მიიღეს ჩინეთში, სადაც ეგზოტიკური ცხოველების გაყიდვა დროებით აიკრძალა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ისევ კარანტინია ქვეყნის სამ დიდ ქალაქში. მოსახლეობა დაცარიელებულ შანხაის მოჩვენებების ქალაქსაც უწოდებს
კარანტინია ჰუბეის პროვინციაში, ისევ დაკეტილია დაავადების ეპიცენტრი ქალაქი უხანი. პაციენტების დასახმარებლად უხანში მთელი ჩინეთიდან დამატებით 20 ათასი ექიმი ჩავიდა, პროვინციაში სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია უკვე იმყოფებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებიც, რომლებიც ვითარებას ადგილზე უკვე სწავლობენ.