თეთნულდზე საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ზვავში მოყოლილი უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
37 წლის მამაკაცის ცხედარს მაშველებმა თითქმის 2-დღიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ მიაკვლიეს. ღონისძიებაში რამდენიმე ათეულ ადგილობრივ მოსახლესა და მაშველთან ერთად, მოხალისე ტურისტებიც მონაწილეობდნენ. სპეცტექნიკის გამოყენება ვერ მოხერხდა, ვინაიდან სპეციალისტების თქმით, ზვავის გამოწვევა მცირედ ვიბრაციასაც კი შეეძლო.
ცხედარი იქ აღმოაჩნეს, სადაც გუშინ მეოთხე კატეგორიის ზვავი ჩამოწვა. მაშველების არა ერთ გაფრთხილებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რამდენიმე ექსტრემალი არ დაემორჩილა.
შემთხვევის შესახებ შეტყობინება მაშველებმა დაღუპული ტურისტის მეგობრებისგან მიიღეს. 8 კაციანი ჯგუფი თანამემამულეს თავდაპირველად, საკუთარი ძალებით ეძებდა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართეს.
მეწყერი სამთო-სათხილამურო კურორტზე გუშინ ორჯერ ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ჩეხეთის ოთხმა მოქალაქემ. ერთ-ერთ მათგანს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ის, მესტიის საავადმყოფოდან დღეს დილით გაწერეს.
უკრაინის მოქალაქე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასრულებისთანავე ცხედარს სამშობლოში, კიევში გადაასვენებენ.
ავტორი: დავით ცაგარელი