ოპოზიციის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან იმყოფებოდნენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კელი დეგნანს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც გიგი უგულავას დაპატიმრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.
"ჩვენ გვქონდა საუბარი მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის დღევანდელ განვითარებულ მოვლენებზე, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ჩასაშლელად გაკეთდა ის, რაც გაკეთდა უგულავასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას სურს დათესოს შიში და უიმედობა საზოგადოებაში და ჩვენ ამას არ შევეგუებით," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებების გაგრძელება თითქმის შეუძლებელია.
"ეს გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების რეჟიმში იყო და ბუნებრივია, ყველა აცნობიერებს, რომ ამით ფაქტობრივად დასრულებულია მოლაპარაკებები და ამ ფონზე, თითქმის შეუძლებელია რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა. ჩემი მოლოდინი არის ის, რომ დარჩება ის რაც დღეს არის, შერეული საარჩევნო სისტემა 77/73-ზე. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება რაიმე შეთანხმება იქნეს მიღწეული. ამ სისტემის დატოვება კი ნიშნავს ძალიან პოლარიზებულ და მძიმე საარჩევნო გარემოს," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ.
"მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დიალოგი, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი და ამ დროს იჭერ ერთ-ერთ ლიდერს. ეს არის ესკალაციისკენ მიმართული ქმედება ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ხელისუფლების ხარაკირი, იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ ესმის, როდესაც ჩაკეტავს ყველა ადგილს, სადაც ადამიანები გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს უკმაყოფილება იქნება ქუჩაში," - განაცხადა ანა დოლიძემ.