გიორგი რურუამ თავისი საქმის პირველივე პროცესზე, პირველივე სიტყვაში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მას იარაღი ჩაუდეს, სამართლებრივი მტკიცებულებები კი გააყალბეს. ასევე, ისაუბრა უფლებების დარღვევაზე, როცა საკანში დნმ- ის ნიმუში იძულებით აუღეს.
სასმართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რურუას სამართალდამცველები დნმ-ის ნიმუშს ძალის გამოყენებით უღებენ. მას საკანში რამდენიმე ადამიანი აკავებს, რა დროსაც ერთ-ერთი გამომძიებელი საკნიდან ბრალდებულის პირად ნივთებს იღებს. ადვოკატებისთვის ვიდეომასალით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქმე გაყალბებულია და არაერთი კანონდარღვევა იკვეთება, მათ შორის ის, რომ პროცესს ადვოკატები არ დაასწრეს, ნიმუშის აღებამდე კი, ოქმი არ შედგა.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე განმარტება მალევე გაკეთდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. უწყების განმარტებით, არსებობდა სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, თუ ბრალდებული დნმ-ის ნიმუშის აღებაზე კვლავ უარს განაცხადებდა, საგამოძიებო მოქმედება იძულების წესით ჩატარდებოდა. ბრალდებულმა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე უარი ორჯერ თქვა, მესამედ კი, 15 იანვარს, პროცედურას დათანხმდა.
ოპოზიციისთვის გიორგი რურუა სისტემის პატიმარია. გავრცელებული ვიდეო მათთვის კიდევ ერთი მტკიცებულება აღმოჩნდა, რომ საქმე გააყალბეს. რურუა კი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია. სახელისუფლებო პარტიაში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფენ.
იკვეთება თუ არა, ვიდეოში სამართალდამცველების დანაშაული, ახლა ეს სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა დაადგინოს. გამოძიება უკვე დაიწყო.
გიორგი რურუას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართა. პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან პატაკთან და გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვას ეხება.
გიორგი რურუა, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის მფლობელია, გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მას სამართალდამცავები იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. რურუას ბრალი მოგვიანებით სასამართლო გადაწყვეტილებების დაუმორჩილებლობისთვის დაუმძიმეს.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 17 თებერვალს ჩაინიშნა.