გიგი უგულავას წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ასევე ოპოზიციის მიერ მოლაპარაკებების შეწყვეტას, მმართველ გუნდში აფასებენ.
მოლაპარაკებები ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და ეს ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ გახდა ნათელი - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილის თქმითვე, ოპოზიციის წევრების ნაწილის მიზანი დესტრუქციული ქმედებების ჩვენებაა.
"ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ერთი და იმავე სამართალწარმოების ფარგლებში მოხდა, ტყუილად ცდილობენ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლები, სხვადასხვა საქმედ მონათლონ.
პროკურატურას ჰქონდა თავდაპირველად თავისი ვერსია, რომ ბატონი გიგის ქმედებები, დანაშაული უნდა დაკვალიფიცირებულიყო, როგორც გაფლანგვა. თუმცა, სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციამ არ მიიჩნია ეს ვერსია მიზანშეწონილად და მიუსაჯა სასჯელი გამომდინარე იქიდან, რომ დააკვალიფიცირა როგორც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მინდა ვთქვა, რომ მოლაპარაკებები მათი მიზანი არ იყო და ეს გაცხადდა ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. მათი მიზანი, ყველასი არა, მაგრამ მათი უმრავლესობის იყო, ეჩვენებინათ რაღაც დესრტუქციული ქმედებები. ახლა ეს გადაწყვეტილება, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან, გამოიყენეს მიზეზად, რომ არ სურთ მოლაპარაკებების გაგრძელება,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.