30 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
"130/20-ზე არის ერთ-ერთი შესაძლო ვერსია" - "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში ოპოზიციის შიდა კონსულტაცია დასრულებულია 

"ლეიბორისტული" პარტიის ოფისში ოპოზიციის შიდა კონსულტაცია დასრულებულია. ლიდერები ისევ რამდენიმე ვარიანტზე მუშაობენ.

დღეს დასახელდა კიდევ ერთი ახალი ვერსია - 130/20-ზე სისტემა, რომელსაც პარტიების უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს. თუმცა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებით, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ლიდერები შეთავაზების საბოლოო ვარიანტზე უნდა შეჯერდნენ, რომლითაც მმართველ გუნდთან მოლაპარაკებაზე მივლენ. საუბარია ახალ პროექტზე, რომელშიც გათვალისწინებულია ხელისუფლების შეთავაზების ნაწილი, შენარჩუნებულია მაჟორიტარობის კომპონენტიც, მაგრამ ის უფრო ახლოს არის პროპორციულთან.

ამ ეტაპზე ოპოზიციური სპექტრის ერთიანი შეთანხმება, რომლითაც ხელისუფლების ოპონენტები მეხუთე რაუნდზე მისვლას და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას გეგმავენ, არ არსებობს.  

"არავითარი კონკრეტული ციფრები არ განგვიხილავს და სიმართლე გითხრათ, ვერც მივედით მაქამდე. ფასილიტატორებთან მივალთ, თუ მათ აქვთ კომპრომისული შემოთავაზება, შემდეგ ამ შემოთავაზებას მოვისმენთ, შემდეგ გამოვალთ იქიდან, შევთანხმდებით ჩვენთან პარტიაში, შემდეგ ამ მაგიდასთან და მოგახსენებთ," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ 130/20-ზე ერთ-ერთი ყველაზე შესაძლო ვარიანტია.

"ალბათობა იმის, რომ ხელისუფლება ამაზე წამოვა, ვფიქრობ ძალიან დაბალია. მაგრამ ხელისუფლება საკუთარ დაგებულ მახეში გაება. უმრავლესობის ლიდერი მდინარაძე გვეუბნება, რომ ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე და 135/15-ზე არ გვითხრათო და მეც ვეუბნები, 115/35-ზე არ გვითხრას. დანარჩენი შუაში რაც არის, მათ შორის 130/20-ზე, არის ერთ-ერთი შესაძლო ვერსია," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

პარტიების ნაწილი ამბობს, რომ დრო სჭირდებათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები საკუთარი პარტიების პოლიტსაბჭოებში და გადაწყვეტილება განხილვების შემდეგ მიიღონ.

"გვჭირდება დრო იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ ის წინადადებები, რაც მოვისმინეთ პროპორციებთან დაკავშირებით. ჩემთვის პრინციპულია შემდეგი: ჩვენ არ ვვაჭრობთ ადგილებით. მეორე - მაქსიმალურად პროპორციული მისწრაფება უნდა იყოს გათვალისწინებული ნებისმიერ მოდელში და მესამე - ვიფიქროთ ქვეყანაზე და არა საკუთარ თავებზე, ისევე როგორც ფიქრობს "ქართული ოცნება". ამიტომ, საბოლოო პოზიცია ნამდვილად არ გვაქვს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია იმ გამოსავალზე ფიქრობს, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.  

"ზოგადად, მე მგონი ერთი კონკრეტული ვინმეს შეთავაზება არ არის, ზოგადად ოპოზიციური პარტიები ერთად სხედან და საუბრობენ, თუ როგორ ვიპოვოთ გამოსავალი, მაშინ როდესაც ხელისუფლებაც გაჯიუტებულია და თან არ ჩანს გასაგები მომავალი. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც კონსტრუქციული ძალა, ზოგადად, ვფიქრობთ ისეთ გამოსავალზე, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ

დღის ამბები