ფერად სამოსში გამოწყობილი ვენეციელები და ქალაქის სტუმრები, საზეიმოდ მორთული გონდოლები, ჟონგლიორები, აკრობატები და ილუზიონისტები - ვენეციაში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კარნავალი გაიხსნა. მსოფლიოში აღიარებული ყველაზე ლამაზი სანახაობა გრანდიოზულმა წყლის შოუმ გახსნა. კარნავალის პირველი ლოკაცია არხ კანარეჯოს ნაპირი იყო, ასობით განათებული ტივის ფონზე კარნავალის მონაწილეებმა წყალში თეატრალური წარმოდგენები დადგეს. საზეიმო ცერემონიას თვალს ათასობით ტურისტი და ადგილობრივი ადევნებდა.
ვენეციის კარნავლის თემა წელს სიყვარულია. ორკვირიანი ფესტივალის მიმდინარეობის წარმოდგენილი იქნება აღლუმები და თეატრალური წარმოდგენები მსოფლიო და ადგილობრივი დასების მონაწილეობით. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება ვენეციის რამდენიმე ისტორიულ ადგილზე. ორგანიზატორები ტრადიციას არც წელს დაარღვევენ და კარნავალზე საუკეთესო ნიღბის მფლობელსაც გამოავლენენ. ყველამ, ვისაც კონკურსში მონაწილეობა სურს, ერთი მთავარი პირობა უნდა შეასრულოს - ნიღაბი საკუთარი ხელით უნდა მოხატოს.
ვენეციის კარნავალი უძველეს ფესტივალად ითვლება და მას იტალიელებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ტრადიციულად კათოლიკური დიდ მარხვის დაწყებამდე 40 დღით ადრე მართავენ. ვენეციამ კარნავალს პირველად მეთერთმეტე საუკუნეში უმასპინძლა.
ვენეციის მერი აცხადებს, რომ კარნავალის დღეებში ქალაქი წყალდიდობისგან მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას შეძლებს.