30 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ეგზიტპოლის პირველადი მონაცემებით, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

აზერბაიჯანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის პირველადი მონაცემების მიხედვით, მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანი" ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 44% მიიღო.

მოსახლეობის აქტიურობას აზერბაიჯანელი მკვლევარები ქვეყანაში დაანონსებული პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინს უკავშირებენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირების პირობა დადო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დაანონსებული ცვლილებების შემდეგ მთავრობაში ახალი სახეები გამოჩნდება. 

ეგზიტპოლის მონაცემების პარალელურად ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიხურა უბნები და საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. შედეგების მოლოდინში ქვეყნის მართვის ახალი მეთოდების აუცილებლობაზე საუბრობენ ბაქოში.

ჯურნალისტი შახინ რზაიევის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტმა მმართველ გუნდში კონსერვატორების რეფორმატორებით ჩანაცვლება გადაწყვიტა, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს. ახალგაზრდა რეფორმატორების ფრთას კი ვიცე-პრეზიდენტი ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევა ხელმძღვანელობს.

ცვლილებების იმედი არ აქვს ოპოზიციას. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა "სახალხო ფრონტმა", მოძრაობამ რომელიც გასულ წელს ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდა. "სახალხო ფრონტის" ლიდერი ალი ქემირლი არჩევნებს ფარსს უწოდებს, რომლის საშუალებითაც ილჰამ ალიევი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

ხმის მიცემის პროცესში დარღვევებზე საუბრობენ დამოუკიდებელი დამკვირვებლები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ბიულეტენების ჩაყრის, უბანზე ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების შევიწროების ამსახველ ვიდეოებს ავრცელებენ.

ბაქოსთან ევროკავშირის ურთიერთობები რომ არჩევნების ჩატარების პროცესზეა დამოკიდებული ამას საერთაშორისო დამკვირვებლებიც ადასტურებენ. არჩევნებს 800-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი ჰყავს, მათ შორის ეუთო და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებიც, რომლებიც სპეციალურ ანგარიშს მოამზადებენ.

აზერბაიჯანში მიმდინარე არჩევნებს აკვირდებოდნენ ანალიტიკოსები თბილისშიც. პოლიტიკაში ძველი და ახალი თაობის ბრძოლად აფასებს ვადამდელ არჩევნებს "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" მკვლევარი გიორგი რუხაძე, თუმცა განმარტავს, რომ არჩევნების დანიშვნა საგარეო ფაქტორებითაც არის გამოწვეული. 

აზერბაიჯანის ისტორიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველად ტარდება​. წინასწარი ოფიციალური მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი.

დღის ამბები