უხარისხო და მცირე რაოდენობის საკვები სოციალურად დაუცველებისთვის. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საქმიანობა აუდიტის დასკვნაში მოხვდა.
ანგარიშის მიხედვით, მერიის მიერ დაქირავებულმა სუბიექტმა, რომელმაც გამარტივებულ ტენდერში 215 ათასი ლარი მოიგო, საკუთარი საქმე არასრულფასოვნად შეასრულა, თუმცა მერიისგან დისკვალიფიკაცია არ მიუღია.
ოპოზიციას კითხვები აქვს და სავარაუდო კორუფციის ნიშნებზე საუბრობს. პრობლემებს აღიარებს საკრებულოს თავმჯდომარეც, ბრალდებებს დღეს მერი არ გამოხმაურებია, მეწარმე კი აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება.
რატომ იხარჯებოდა ათიათასობით ლარი უხარისხო პროდუქტის შესყიდვაზე - "კურიერის" შეკითხვას სიღნაღის მერი არ პასუხობს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით მიიღო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველების საკვებით მომარაგებას უკვე ერთი წელია მერიის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალურად შექმნილი აიპი ახორციელებს. მომმარაგებელი კომპანიების განცხადებების მიუხედავად, ფაქტია, რომ აუდიტის სამსახური საკმაოდ სოლიდურ, 215 ათასი ლარის მიზნობრიობას ეჭვქეშ აყენებს.