ხონში, სოფელ გოჩა ჯიხაიშში უგზოდ დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. უხვი ნალექის დროს სანიაღვრე ჭების არარსებობის გამო წყალი გზის სავალ ნაწილს ხშირად ფარავს და 30-ზე მეტი ოჯახი გადაადგილებას ვერ ახერხებს.
სკოლაში ბავშვებიც ვერ დადიან. ადგილობრივებმა ხონის მერიას წერილი რამდენჯერმე გაუგზავნეს, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობასთან არც მერი და არც სოფლის საკრებულოს დეპუტატი მისულა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კი ამბობენ, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტიდან დაიწყება.
დაზიანებული გზა და წყლის გუბეები - ხონში, სოფელი ჯიხაიშში წვიმის შემდეგ სანიაღვრე ჭების არარსებობის გამო სავალი ნაწილი წყლით აივსო და მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
როგორც ადგილობრივები "კურიერთან" ყვებიან, ეს პრობლემა წლებია მოუგვარებელია და მხოლოდ დაპირებებს ისმენენ. მოსახლეობას განსაკუთრებით ზამთრის თვეების გადატანა უჭირს, ძლიერი წვიმის დროს დაზიანებული გზის გამო ტრანსპორტი უბანში ვერ შედის და ბავშვები სკოლაში ვერ დადიან.
სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ მერიას წერილი გზის მოწესრიგების თხოვნით გასულ წელსაც გაუგზავნა. უბანში სადაც 30 ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე მათთან შესახვედრად არც ხონის მერი და არც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მისულა. სოფელი ჯიხაიშის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
როგორც ხონის მუნიციპალიტეტში განაცხადეს, გზის საფარის მოწყობასთან და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება კონრაქტორ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია და სოფელი ჯიხაიშში გზის სამუშაოები მარტიდან დაიწყება.
ხონში, სოფელი ჯიხაიშის მოსახლეობას სტიქიის გარდა სხვა სოციალური პრობლემებიც აქვს, სოფელში არ არის მაღაზია და წისქვილი, რომ ადგილობრივებმა ზამთრის რთულ დღეებში თავის გატანა საკუთარი ძალებით შეძლონ.