13 სავარაუდო შემთხვევიდან საქართველოში მკვლელი ვირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა. კორონავირუსი გამოირიცხა ინფექციურ საავადმყოფოში ბოლოს შეყვანილი 23 და 28 წლის ახალგაზრდების შემთხვევაშიც. ჩინეთის ქალაქ ჩენდუდან საქართველოში თებერვლის დასაწყისში ჩამოსულები კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ბოლო საათების განმავლობაში, კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სპეციალურ ბოქსში ვირუსით დაინფიცირების სავარაუდო შემთხვევის გამოსაკვლევად არავინ მოხვედრილა. ახალი ეპიდემიის გამო ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია. მომაკვდინებელი ვირუსისგან თავის დაცვას სახელმწიფო მგზავრების სპეციალური შემოწმებით და თერმული სკრინინგით ცდილობს. საქართველო კვლავ "მწვანე ზონაში" რჩება.
ჩინეთის შემდეგ ვირუსი მსოფლიოს 27 ქვეყანაში გავრცელდა. ინფიცირების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთშიც. მხოლოდ დღეს ვირუსი სათხილამურო კურორტზე დასასვენებლად ჩასულ დიდი ბრიტანეთის ხუთ მოქალაქეს დაუდგინდა. მათ შორის არის ერთი ბავშვიც. ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებულებს სინგაპურიდან ჩასულ პირთან ჰქონდათ კომუნიკაცია.
ამ დრომდე გრძელდება ევაკუაცია ვირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან. თითქმის ყველა ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც ჩინეთში იმყოფებიან და სახელმწიფოს დატოვებაზე თანხმობას აცხადებენ, სპეციალურ რეისებს ახორციელებს.
ჩინეთიდან გავრცელებულ ვირუსთან გამკლავებას ყველა ის ქვეყანა ცდილობს, რომელსაც სასიკვდილო ვირუსებთან ბრძოლის გამოცდილება და კვლევების ჩასატარებელი შესაბამისი ლაბორატორიები გააჩნია.
ანტიდოტის შექმნას ცდილობენ დიდ ბრიტანეთშიც. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები დაჩქარებული ტემპით მუშაობენ, ამბობენ, რომ ვაქცინის მისაღებად მინიმუმ 1 წელი დასჭირდებათ. თავის მხრივ, პროცესში ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატებიც. კორონავირუსთან საბრძოლველად ოფიციალური ვაშინგტონი ასი მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.
შეუქცევად პროცესად იქცა გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა. სასიკვდილო ვირუსის დაძლევა ამ დროისთვის 730-მდე ადამიანმა ვერ შეძლო. დაინფიცირებული კი, 35 000-მდეა. სასიკვდილო ვირუსი ქვეყნის მასშტაბით 2330-მდე ადამიანმა დაამარცხა.