ოპოზიციის განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია და არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემა პრინციპულად იქნეს პროპორციულობისკენ შეცვლილი. "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას ურჩევს გონს მოეგოს და გონივრულ კომპრომისს დათანხმდეს, რასაც საარჩევნო სისტემის "გერმანული მოდელი" წარმოადგენს:
"ჩვენთვის არსებითია, რომ პრინციპულად პროპორციულობისკენ შეიცვალოს სისტემა. შეიძლება არ იყოს აბსოლუტურად პროპორციული, ადაპტირებული გერმანული მოდელიც არაა აბსოლუტურად პროპორციული, მაგრამ ეს არის გონივრული კომპრომისი რომ ეს სისტემა შეიცვალოს. დროზე მოეგონ გონს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მაჟორიტარული ნაწილის შემცირება მიაჩნია საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვან საკითხად ნაციონალური მოძრაობის წევრ ხატია დეკანოიძესაც:
"საუკეთესო ვარიანტი უნდა იყოს მაგალითად პროპორციულ ვარიანტთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა, მაჟორიტარული ნაწილის ყველაზე უფრო შემცირება. მე ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი, რომ ამაზე ყოფილიყო შეთანხმება, მაგრამ როგორც ჩანს ხელისუფლება არ იზიარებს ამ შეთანხმებას,"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი