შეუსრულებელი ვალდებულებები, სასამართლოში მიმდინარე საქმეები, ფინანსური დავალიანებები, დოკუმენტების გაყალბება - სწორედ ასეთ კომპანიებთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება გორის მუნიციპალიტეტს.
მიუხედავად არაერთი დარღვევისა, ამ კომპანიების დიდი ნაწილი შავ სიაში შეყვანილი არ არის. საუბარია 2019 წლის სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებზეც ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარი იყო გამოყოფილი.
ერთ-ერთი ასეთი კომპანია "დარო დორია". სახელმწიფო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაირკვა, რომ მოლაპარაკებისა და კონტრაქტის გაფორმების დროს, შემსრულებელ კომპანიას დარღვევები ჰქონდა და მის წინააღმდეგ სასამართლო დავებიც დაწყებული იყო.
ქალაქის მერიას ამ კომპანიასთან თანამშრომლობის ცუდი გამოცდილება აქვს. სამჯერ აღებული ვალდებულებიდან სამუშაოები არც ერთხელ შესრულებულა.
დახარჯული თანხისა და შეუსრულებელი სამუშაოების ფაქტებზე თამარ მეფის 23 ნომერში მდებარე საცხოვრებელი შენობა ყველაზე კარგად მეტყველებს.
კორპუსის დაზიანებული სახურავი, რის გამოც წვიმის წყალი ბოლო სართულზე მცხოვრებ ყველა ოჯახს მუდმივად აზარალებს, წესით ახლა გაკეთებული უნდა იყოს. სარემონტო სამუშაოები გასული წლის ნოემბერში "დარო დორის" უნდა დაესრულებინა.
გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიცია მერიას აკისრებს. ქალაქის საკრებულოს უმცირესობაში კორუფციულ სქემებსა და თანხის არამიზნობრივ ფლანგვაზე საუბრობენ.
გაფორმებულ სახელმწიფო ხელშეკრულებებთან, რომელთა დიდი ნაწილი საბოლოოდ სასამართლო დავებამდე მივიდა, საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავენ ქალაქის მერიაში. ადგილობრივ მთავრობაში არაკეთილსინდისიერ კომპანიებთან თანამშრომლობას პრობლემადაც არ მიიჩნევენ. ამბობენ, რომ მათი რაოდენობა მცირე, საკითხი კი მოგვარებადია.
2019 წლის განმავლობაში გორის მერიამ ხელშეკრულება დარღვევების მქონე რამდენიმე ათეულ კომპანიასთან გააფორმა.
ადგილობრივ ხელისუფლებას კი მთლიანობაში ასობით ათასი ლარის ტენდერის გაუქმება და საბიუჯეტო თანხის გახარჯვა მოუწია.