30 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
კრიტიკის ახალი ტალღა დასავლეთიდან - აშშ-ის შემდეგ კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპიდანაც გაისმა

საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ევროპიდანაც გაისმა.

ამერიკელი სენატორის, ჯეიმს რიშის კრიტიკული წერილის შემდეგ, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერა, "ევროპის სახალხო პარტიამ " საქართველოს მთავრობას მოუწოდა "ქართველი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები დააკმაყოფილოს." 

რესპუბლიკელმა ჯეიმს რიშმა და დემოკრატმა ჯინა შაჰინმა დავით ზალკალიანთან შეხვედრას სპეციალური განცხადება მოაყოლეს, სადაც ქართული დემოკრატიისადმი ერთგულება დაადასტურეს, თუმცა იმ პირობით, რომ ამის საშუალებას მათ ხელისუფლების ნაბიჯები მისცემთ.

ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე ქართულ დემოკრატიას გრძელვადიანი ძალისხმევა სჭირდება. მათ მოუწოდეს პრემიერს, შეასრულოს ვალდებულებები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობას, პატივი სცეს სამოქალაქო სექტორს და შეპირებული საარჩევნო რეფორმა წინ წასწიოს.

თავად საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს იყო შეხვედრა მეგობრებს შორის, რომლებსაც მან არსებულ კითხვებზე საქართველოს მთავრობის არგუმენტირებული პოზიცია მიაწოდა. მინისტრის თქმით, მთავრობა მოკავშირეების რეკომენდაციებს სრულად გაითვალისწინებს.

ამერიკელებთან ერთად ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მწუხარება გამოთქვა "ევროპის სახალხო პარტიამაც." პარტიამ ასამბლეის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში იმედგაცრუება გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება კრიზისის დასაძლევად პოლიტიკურ ნებას არ იჩენს. 

ქართული ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ ქვეყნის იმიჯი საგარეო ასპარეზზე დაზიანდა, თუმცა კმაყოფილია იმით, რომ დიპლომატიის ენა პირდაპირობამ შეცვალა. მათი თქმით, ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგაც სენატორების გზავნილების იგივე ხაზი იმის ნიშანია, რომ მმართველი გუნდი შტატებში სასურველი პასუხებით არ ჩასულა. გარდა ამისა, ოპოზიციაში ხაზს უსვამენ, რომ ამერიკასა და ევროპაში საქართველოზე გამოთქმულ კრიტიკას ლეგიტიმური საფუძველი აქვს.

ხელისუფლება კრიტიკის ნაწილს არ იღებს. მაგალითად, "ევროპის სახალხო პარტიის" განცხადებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპონენტების კრიტიკად უფრო აღიქვამენ. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ამ პარტიაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მათთან აპელირებული პარტიები შედიან.

რაც შეეხებათ ამერიკელებს, ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ მათი პოზიციები საყურადღებოა და სტრატეგიული პარტნიორების გზავნილებს ყოველთვის საგანგებო ყურადღებას უთმობენ, თუმცა აქაც ბევრ უზუსტობას ხედავენ და იმ სამუშაოზე მიუთითებენ, რაც ამ მხრივ მათვე აქვთ განსახორციელებელი მოკავშირეებთან.

ახალი გზავნილების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მათ შენიშვნებს მეგობრული მოტივები აქვთ, რადგან სურთ საქართველომ ის ნიშა შეინარჩუნოს, რაც სახელმწიფოს რეგიონში გამოარჩევდა და დასაყრდენ და სანდო პარტნიორად აქცევდა.

დღის ამბები