ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა დაასრულა. დღეს დაცვის მხარის მოწმეს, ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ფსიქოლოგს მოუსმინეს. ადვოკატმა ასევე ვიდეომტკიცებულებებიც წარმოადგინა, რომლებიც მხარეებმა სხდომაზე განიხილეს.
"სასამართლოს განაჩენი, რომელიც დადგა სრულიად უკანონო და უსაფუძვლო 2018 წლის პირველ ივლისს, მხედველობაში მაქვს გუგა ბარბაქაძისა და მიხეილ ჯანაშიას მიმართ დამდგარი განაჩენი, ამ განაჩენმა მიხეილ კალანდიას მდგომარეობა 10-ჯერ უფრო გააუარესა, ვიდრე მანამდე იყო," - განაცხადა კალანდიას ადვოკატმა.
საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის განცხადებით კი, მიხეილ კალანდიას ფსიქოლოგის ჩვენება მის ბრალეულობას ვერც დაადასტურებს და ვერც გამორიცხავს, რადგან ეს მისი პირადი პოზიციაა.
"მან ისაუბრა იმ სტრესის შესახებ, რაც ჰქონდა მიღებული მ.კ-ს და რაც დაადგინა მ.კ.-სთან გარკვეული ფსიქოლოგიური სეანსების შესახებ. ვერ ვიტყვი, რომ მისი ჩვენება რაიმე კუთხით ან ადასტურებდა ან გამორიცხავდა მ.კ-ს ბრალეულობას, უბრალოდ ექსპერტმა ისაუბრა თავისი პოზიციისა და შთაბეჭდილების შესახებ მ.კ-სთან ურთიერთობის შედეგად," - განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
მომდევნო პროცესი ხვალ, 5 თებერვალს 12 საათზე გაიმართება.