30 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ვფიქრობდი, მადლობა რისთვის გადამეხადა, თუ გადადგებით გადაგიხდით - ფოფხაძე ტიკარაძეს

"ვფიქრობდი მადლობა რისთვის გადამეხადა თქვენთვის, ჯერ ალბათ ვერაფრისთვის, მაგრამ თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით დაკავებული თანამდებობიდან, მე მადლობას გადაგიხდით," - ამ სიტყვებით ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა გედევან ფოფხაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა, რომელსაც რამდენიმე საათია მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

გედევან ფოფხაძის შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტრო რეალობისგან მოწყვეტილია.

"თქვენი მოხსენება ძალიან შორს იყო რეალობისგან და დიდი იმედი მაქვს, რომ კითხვების ნაწილში მაინც ცოტა დაუბრუნდებით რეალობას, რა ხდება ქვეყანაში, რა გაჭირვებაა მოსახლეობაში.

სამინისტროს პოლიტიკა ამისკენ არ არის აშკარად მიმართული. გარდა ამისა, ვფიქრობდი, მადლობა რისთვის გადამეხადა თქვენთვის. ჯერ ვერაფრისთვის გადაგიხდით, მაგრამ თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით, მადლობას გადაგიხდით," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ჯანდაცვის მინისტრს ასევე მიმართა ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, თუ როდის მივა მინისტრი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე, სადაც მისმა ფრაქციამ დაიბარა.

"არ დამთავრდა პარლამენტში ეს გაუთავებელი მადლობები. იმიტომ მოვიდა მინისტრი, რომ არის მინისტრის საათი და ყოველ ჯერზე მადლობა, მე ვფიქრობ არაეთიკურია და აკნინებს პარლამენტის როლს. ქალბატონო მინისტრო მაინტერესებს, როდის მობრძანდებით ჯანდაცვის კომიტეტზე, სადაც ჩვენმა ფრაქციამ თქვენი მოსვლის შესახებ საკითხი დააყენა. ახლა ძალიან კომფორტული სივრცეა შექმნილი," - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატების წინაშე ჯერ მოხსენებით წარსდგა, რის შემდეგაც მინისტრის საათის ფორმატში, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაისვა ბევრი კითხვა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატების, ასევე უმრავლესობის მხრიდან. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში სესიებს არ ესწრება.

დღის ამბები