"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ და "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" დირექტორმა გიორგი კაპანაძემ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. ისინი გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის დაუყოვნებლივ გამოკითხვას მოითხოვენ.
გიორგი კაპანაძის განცხადებით, უნდა გაირკვეს, რა სტატუსით იმყოფებოდა ყოფილი გენერალური პროკურორი ივანიშვილის სახლში შეხვედრაზე, რომელიც, მისი ინფორმაციით, ბიზნესსაკითხების გარჩევას ეხებოდა.
"დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და გაეცეს პასუხი: პირველი - რატომ არეკეტებდა ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს, მეორე - რატომ მონაწილეობდა ირაკლი შოთაძე ამ უკანონო და კრიმინალურ საქმიანობაში, და მესამე - რატომ იყო ბიძინა ივანიშვილთან ასული გენერალური პროკურორი პირად საქმეზე," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
"ახლა უნდა წარმოიდგინოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ იმ პირობებში, როდესაც შოთაძე არის ხელისუფლებაში, იმ პირობებში, როდესაც "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში, როგორ აღიარებით ჩვენებას აძლევენ თავისი ჩინოვნიკები, მათ შორის შოთაძე და წარმოიდგინოს ივანიშვილმა, რა მოხდება მას მერე, როდესაც აღარ იქნება "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში," - განაცხადა ზვიად კუპრავამ.