30 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
გააკეთეთ განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები - რევაზ არველაძემ ამ კითხვით ჯანდაცვის მინისტრს მიმართა

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატების წინაშე ჯერ მოხსენებით წარსდგა, შემდეგაც კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მინისტრის მიმართ შეკითხვები ჰქონდათ როგორც დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე უმრავლესობის წევრებს.

"რას აკეთებთ თქვენ იმისათვის, რომ საავადმყოფოებში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს პაციენტების ის მოთხოვნა - დარეკეთ თუ შეიძლება იქნებ ყურადღება მოგვაქციონო," - ამ კითხვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ კი, ეკატერინე ტიკარაძეს კონკრეტული კითხვით მიმართა - შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები? 

"გამოყოფილია 70 მილიონი ლარი, ასეთ ბავშვებს ყოველთვიურად ეძლევათ კვების ბარათები და ვაუჩერები. თუმცა შეიძლება მე მეშლება და მინდა თქვენ გააკეთოთ განმარტება იმაზე, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები," - მიმართა მინისტრს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა რევაზ არველაძემ.

მინისტრის მოსმენისა და კითხვა-პასუხის ნაწილი ძირითადად ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა. უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ კი, სოციალური დახმარების შეჩერების საკითხზე მინისტრს შეთავაზებით მიმართა. 

"მინდა შევეხო გადამოწმების პერიოდში შეჩერებული დახმარების საკითხს. მექნება შემოთავაზება - გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ დახმარება ადამიანებს თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ გადამოწმების შემდეგ საერთოდ მოეხსნება ეს დახმარება. თანხა მიმღების სასარგებლოდ უნდა დარჩეს და ეს ტვირთი სახელმწიფომ უნდა აიღოს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები