60%-მდე შედეგის მიღებაზე ანონსის გაკეთება ილუზიების ტყვეობაში ყოფნაა - ამ შეფასებით დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ეკა ბესელიას განმარტებით, "ქართულ ოცნებას" პროპორციული სიით 60% 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც არ მიუღია.
"პროპორციული სიით 60% ჩვენ ვერ ავიღეთ ვერც 2016 წლის არჩევნებში. ასეთი ანონსის გაკეთება არის ოცნების და ილუზიების ტყვეობაში ყოფნა, თორემ ამას რეალობასთან საქმე არ აქვს. გირჩევდით, რომ ირაკლი კობახიძის მათემატიკას ნუ ენდობით იმიტომ, რომ ძალიან უნიჭო მათემატიკით გამოირჩევა. მისი ციფრები არასდროს არ ამართლებდა. არც მაშინ, როცა მე უმრავლესობაში ვიყავი - ერთს ამბობდა და მეორე იწერებოდა ხოლმე ოფიციალურ მონაცემებში," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის პროგრამა მინიმუმი - საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ყოველი მეორე ხმის მიღება იქნება.