01 დეკემბერი 2024,   06:10
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა ბარიკადების აგება ამჯერად რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრის და სასტუმრო "მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიებზე ბარიკადების აგება დაიწყეს. ცოტა ხნის წინ, სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ქუჩებთან ერთად რუსთაველის გამზირიც დაიკავა და ტერიტორია აქციის მონაწილეებს დაატოვებინეს.

ამჯერად დემონსტრანტები ბარიკადებს რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აგებენ. ბარიკადების ასაგებად აქციის მონაწილეები სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, ნაგვის ურნებს და ე.წ. ელექტრო სქროლებს იყენებენ.

აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების წინააღმდეგ სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. მათ შორის, იყენებენ პიროტექნიკას. თავის მხრივ, სპეცრაზმი სპეციალურ ტექნიკას, წყლის ჭავლს და ცრემლსადენ კვამლს იყენებს.

დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი უკვე დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დაკავებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომლის თქმითაც, დემონსტრანტები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ნორმებს და თუ ასე გაგრძელდა, შსს იძულებული იქნება გამოიყენოს ყველა საშუალება და შეწყვიტოს აქციის მსვლელობა.

დღის ამბები