"მოლდოვაში, ისევე როგორც საქართველოში, რამდენიმე თავდასხმა მოხდა, მათ შორის კიბერთავდასხმა, ხმების მოსყიდვა, მანიპულაცია," - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში მომხდარი მოვლენები აჩვენებს, რომ ევროპული დემოკრატია განხილვის საგანია.
"დღეს განვიხილავთ თუ როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ერთობის უპირატესობა ისე, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული დამოუკიდებლობა. დავიცვათ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, მაშინ როდესაც მსოფლიოში უამრავი გამოწვევაა. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში ვიხილეთ, აჩვენებს რომ ევროპული დემოკრატიის მოდელი არის განხილვის საგანი. მოლდოვაში, ისევე როგორც საქართველოში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, მათ შორის კიბერთავდასხმა, ხმების მოსყიდვა, მანიპულაცია. ყველა დამკვირვებელი მიუთითებს ამაზე. დიდი იმედი მაქვს რომ საქართველო დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს, ასევე დემოკრატიული მოდელის არჩევანს," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.