23 ნოემბერი 2024,   21:03
ვრცლად
"ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, დავალებით გაკეთებული" - კახა კალაძე მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როდესაც მოსამართლე ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, როგორიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში იხილა,  ის მყარ მტკიცებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რათა ყველა ინსტანციას გაუძლოს.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომელსაც სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

 "რაც შეეხება თეთრიწყაროში მიღებულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ, ეს ყველაფერი დაფუძნებული უნდა იყოს ფაქტებსა და მტკიცებულებებზე. შემდეგ ყველამ ვიხილეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და როდესაც დეტალებში შევედით, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, დავალებით გაკეთებული. თუკი ადამიანებმა ნახეს ამ კონკრეტული მოსამართლის თუნდაც ოჯახის წევრების ვიდეოები, ყველაფერი ცხადი და ნათელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. როდესაც იღებ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ისეთი მყარი მტკიცებულებები უნდა გქონდეს, რომ ამ ყველაფერმა ყველა ინსტანციას გაუძლოს. როგორც ვიცით, გასაჩივრებეულია და დაველოდოთ, როგორი იქნება შემდეგი ინსტანციების გადაწყვეტილება", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მის მოლოდინებს საია-ს, ISFED-ის და სხვა ორგანიზაციების სარჩელებზე, მერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ყველაფერი განიხილონ, რათა არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.

"თუ დააკვირდებით საჩივრების რაოდენობასაც და სტატისტიკასაც, 2020 წელს უფრო მეტი საჩივარი იყო, ვიდრე 2024 წელს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ შინაარსობრივად არაფრისმთქმელია. მაგალითად, ერთ-ერთ საჩივარში წერია, რომ ერთმა დამკვირვებელმა მეორე გადაკოცნა და ამაზე დაიწერა საჩივარი. ამ ტიპის საჩივარი ბევრია. რა თქმა უნდა, ყველაფრის განხილვა მოხდება. ჩვენ ასევე მზადყოფნა გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც 2020 წელს, ახლაც, თუ ვინმეს რაიმე სურვილი აქვს გადათვლის, თუ რაიმე კითხვები არსებობს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები