07 ნოემბერი 2024,   14:14
ვრცლად
"ოპოზიციის გეგმა არის ის, რომ არ აქვთ გეგმა - დარწმუნებული ვარ, რიგში დადგებიან, როგორ შემოვიდნენ პარლამენტში" - გიორგი ჩაკვეტაძე

რა გეგმა აქვს ოპოზიციას - მმართველი გუნდის ოპონენტები საარჩევნო დარღვევებზე ინფორმაციის მოგროვებას, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობასა და დემონსტრაციების გამართვას გეგმავენ.

"გეგმა ითვალისწინებს სამი მიმართულებით თანმიმდევრულ მუშაობას, პირველი - ქვეყნის შიგნით ადამიანების ინფორმირებას, დარღვევებზე ინფორმაციის მოგროვებას. მეორე - ეს არის მუშაობა საერთაშორისო მასშტაბით, მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, მათთვისაც ინფორმაციის მიწოდება. მესამე - დემოკრატიული პროტესტი", - ამბობს კოალიციის "ძლიერი საქართველო" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მათი ოპონენტების ინტერესში ქვეყნის დესტაბილიზაცია შედის. უმრავლესობა ოთხ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, გამოიყენოს მოპოვებული მანდატები.

"ოპოზიციის გეგმა არის ის, რომ არ აქვთ გეგმა. დარწმუნებული ვარ, რომ რიგში დადგებიან, როგორ შემოვიდნენ პარლამენტში. ის პროცესები, რომელიც ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას ემსახურება, კიდევ ერთხელ, კრახით დასრულდება. მოვუწოდებთ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, გამოიყენონ ის მანდატი, რომელიც მათ საზოგადოებამ მისცა და აუცილებლად შევიდნენ პარლამენტში", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.

 

დღის ამბები