"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ ბარიერგადალახული პარტიების შესახებ გადაცემაში "იმედი LIVE" ისაუბრა.
ქადაგიძე განსაკუთრებულ ყურადღებას "გახარია საქართველოსთვის" და "ლელოს" უთმობს, რომლის განცხადებითაც, ამ ორ პარტიას ბარიერის გადალახვაში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი დაეხმარა.
"არსებობდა ორი გეგმა. ერთი გეგმა იყო ის, რომ ტანდემი უნდა მომხდარიყო ლელოსი და გახარიასი. ამაზე იყო მთელი ძალისხმევა გადასროლილი, ამაში იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილი. ამას ავალებდნენ მას, რომელმაც არაერთხელ აღიარა, რომ ის დადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში და ათანხმებდა სხვადასხვა აქტორებთან ამ საკითხებს და ამას აღიარებდნენ ღიად, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ ეს გეგმა არ გამართლდა, არ მოხდა ეს შეკრება და ახლა დარჩა ეგზისტენციალური საკითხი თუ როგორ მომხდარიყო ცალ-ცალკე ამ ორი პარტიის ბარიერის გადალახვა. ვუბრუნდები საარჩევნო პერიოდს და ძალიან საინტერესო რაღაცას გაგახსენებთ, რომ თითქმის ყველა რეგიონში "ნაცმოძრაობის" შტაბები იყო ან დახურული, ან აბსოლუტურად დაცარიელებული და ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობის აქტივზე მუშაობდნენ, უცებ ეს ადამიანები მუშაობდნენ "ლელოზე",გახარიაზე. გამომდინარე იქიდან, რომ გეგმა ა არ გამართლდა და გეგმა ბ იყო ის, რომ აუცილებლად უნდა გადაელახა "ლელოს" და გახარიას ბარიერი, ამისათვის ყველაზე მეტი რესურსი ვის ჰქონდა?-"ნაციონალურ მოძრაობას". "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაარეზერვა საკუთარი აქტივი და აღმოჩნდა ის, რომ "ლელოს" ასე თუ ისე უჭირდა, მაგრამ გახარიას ძალიან უჭირდა. ადგნენ და დავალება გაიცა ამაზე, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი დაეხმარა გახარიას და "ლელოს" ბარიერის გადალახვაში"- აღნიშნა ქადაგიძემ.
ქადაგიძის თქმით, "ლელოს" და გახარიას მეხამრიდის როლი უნდა შეესრულებინათ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ კამპანიაში, პოლიტიკური კრიზისების დროს.
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" სადაც დაჭირდა, "ლელომ" და გახარიამ ყველგან პარტნიორობა გაუწიეს.
"ნაციონალური მოძრაობა" თავისი ორთოდოქსული წარსულით და ბნელი ისტორიით, რომელიც მას მოჰყვება, არის მკვდრადშობილი ოპოზიციური პარტია. "ნაციონალური მოძრაობა" მარტო რომ იყოს პარლამენტში მისი, როგორც ოპოზიციის წონა არის ნული იმიტომ, რომ საზოგადოება აფასებს ამას ძალიან კარგად ხომ? მეცხრე არჩევნები წააგეს ამ ადამიანებმა. აქ იყო საჭირო შირმა, უკაცრავად, ხანდახან ლეღვის ფოთლის ფუნქციის შემსრულებელი პარტიები, როგორიც არის "ლელო" და გახარია, რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად მეხამრიდის როლი შეესრულებინათ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ კამპანიაში, პოლიტიკური კრიზისების დროს და ამის დასადასტურებლადაც ძალიან ბევრი ფაქტის მოყვანა შეგვიძლია ძალიან მარტივად მათი წინა პოლიტიკური ისტორიებიდან გამომდინარე. სადაც კი "ნაციონალურ მოძრაობას" და ზოგადად მიშამადიდებლურ იდეოლოგიას დაჭირდა, აბსოლუტურად ყველგან, "ლელომ" და გახარიამ პარტნიორობა გაუწიეს "ნაციონალურ მოძრაობას". დღეს საუბრობენ იმაზე, რომ სიტუაციური პარტნიორები ვართ და ასე ფუთავენ. ესენი არ არიან სიტუაციურად პარტნიორები, ესენი არიან დეკლარირებული პარტნიორები და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, დიახ, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, უბრალოდ მცდელობა იყო პატრონებისგან, რომელიც დაავალეს სალომე ზურაბიშვილს, რომ ორი გეგმა უნდა ყოფილიყო. ან ერთი, რომ რამენაირად ამათი ტანდემი მომხდარიყო, შესულიყვნენ და ეს შირმა შეექმნათ, რომ თითქოს "ნაცმოძრაობის" გარდა სხვა ოპოზიციაც არსებობს და მეორე გეგმა ამუშავდა მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ამ პარტიებს ბარიერის გადალახვის პრობლემა ექმნებოდათ. ვინ უნდა დახმარებოდა?- "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.