23 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ქართველი სპორტსმენები საფრანგეთის დედაქალაქში გაემგზავრნენ - ზაფხულის 2024 წლის ოლიმპიადა ხვალ გაიხსნება

საკუთარი დროშისა და ჰიმნისთვის! ქართველი სპორტსმენები საფრანგეთის დედაქალაქში გაემგზავრნენ. მოცურავეებთან და ბატუტზე მხტომელებთან ერთად, პარიზში ძალოსნები გაფრინდნენ. ყურადღების ეპიცენტრშია ლაშა ტალახაძე. ქართველი გოლიათი, ოლიმპიადის დასაპყრობად და ახალი, სხვებისთვის მიუწვდომელი რეკორდების დასამყარებლად, მესამედ გაემგზავრა.

საქართველოს სახელით, 28 ათლეტი, სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს. ზაფხულის თამაშებზე, საქართველოს სახელით, პირველები, გიორგი სარდალაშვილი და სანდრო ბაზაძე გამოვლენ. პირველივე დღეს იასპარეზებს, ასევე, 15 წლის მოცურავე ანა ნიჟარაძე, მოკრივე ლაშა გურული და ტყვიის ლეგენდარული მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომელიც ოლიმპიადაზე მეათედ გამოვა, რაც ქალთა შორის აბსოლუტური რეკორდია.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, ისტორიაში პირველად, სტადიონს მიღმა გაიმართება. მდინარე სენა, პარიზის შუაგულში, ნამდვილ სპექტაკლს უმასპინძლებს, რომლის მიზანსცენაშიც მონაწილეობას ოლიმპიადის სპორტსმენები მიიღებენ. მონუმენტები, ხიდები და მდინარის პირას განლაგებული კულტურული დაწესებულებები - პარიზი 2024-ის გახსნას ყველა გრანდიოზულად ელის. საქართველოს ნაკრებს, ეროვნული დროშით, ქართული სპორტის ორი ლეგენდა - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე გაუძღვება.

საქართველო, დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით, ზაფხულის ოლიმპიადაზე მერვედ იასპარეზებს. ამ ტურნირებზე ჩვენმა სპორტსმენებმა, სულ, 40 მედლის მოპოვება შეძლეს. აქედან 10 ოქრო, 12 ვერცხლი და 18 ბრინჯაოა.

ზაფხულის 2024 წლის ოლიმპიადა ხვალ, 26 ივლისს, საქართველოს დროით 21:30 საათზეგაიხსნება. თამაშები, სულ, 32 სახეობაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 10 000-ზე მეტი ათლეტი მიიღებს.
 
პარიზის ოლიმპიადა 16 დღეს გასტანს და 11 აგვისტოს დასრულდება.
 
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი
დღის ამბები