უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში უკრაინის მრავალ ოლქში, მათ შორის კიევში ქვეყნის სამხრეთიდან დრონების თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
საღამოს, ხარკოვში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ასევე, ოლქის ინდუსტრიული ზონის დაბომბვის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 125 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არსებობს მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს
"იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ქვეყნებში შვებულებების სეზონია, ჩვენ ვერავითარი პაუზა ვერ გვექნება. ვერ გავჩერდებით კომუნიკაციის მიმართულებითაც. მათ შორის თავდაცვაზე, რუსულ ტერორზე და ჩვენს საჭიროებებზე. საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ამ დღეების განმავლობაში, ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. მან მოლაპარაკებები აწარმოვა და შედეგების შესახებ მომახსენა. ეს უკრაინელი სახელმწიფო მოხელის ამ დონის პირველი ვიზიტია მრავალი წლის განმავლობაში, რაც ძალიან კარგია. გვაქვს მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. დადასტურდა ისიც, რაც ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მითხრა, ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.