2024 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტები 3 220 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 29%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე. ამავე საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან - ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიები ზრდადი დინამიკით გამოირჩევიან.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 33%-ი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 20%-ი.
რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას, 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 30%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით გაიზარდა. სულ, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 130 498 ერთეული გადაფრენა.
2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 54 ავიაკომპანია 105 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.