პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ტყუილებში მრავალჯერ არის მხილებული.
"რამდენჯერ გვაქვს მოსმენილი, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებობს ადამიანთა შესახებ მონაცემები, ამომრჩეველთა ბაზა, რომელიც შეიძლება განადგურდეს და ის შეიძლება განსხვავებული იყოს იმ ბაზისგან, რომელიც მოთავსებული იყო ელექტრონულ ხმის დამთვლელ აპარატებში. ეს ტყუილი მარტივად გაქარწყლებულია იმიტომ, რომ ავტორიტეტულმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ დადო დასკვნა, რომელმაც დაადასტურა იდენტობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულ მონაცემებსა და აპარატებში არსებულ მონაცემებს შორის. რამდენჯერ უნდა ამხილოს, არა მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ამერიკულმა ორგანიზაციებმა კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ტყუილებში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.