საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურთა სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა, რომელსაც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოქმედ თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს საქართველოსა და ნატო-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მედალი "დიდგორის ჯვარი" გადასცა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, ადმირალ კავო დრაგონესთან. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ნატო-ს შორის სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, სადაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა.