ზუსტად სამი საათი ახალი, 2025 წლის დადგომამდე - მიდის ერთ-ერთი ურთულესი წელი, ახალს კი ახალი იმედებით ხვდება მთელი საქართველო. თითოეული ქვეყანა თავის დროის სარტყელში აცილებს 2024-ს. ზეიმის გეოგრაფია საშუალებას გვაძლევს ვნახოთ, როგორ ვრცელდება დედამიწაზე ერთი კონტინენტიდან მეორეზე კიდევ ერთი ახალი წლის დადგომა. მსოფლიო რუკაზე ახალი წელი წყნარი ოკეანიდან იწყება. ათვლას პირველი შობის კუნძული იწყებს.
იგივე კირიბატი, ძველი და ახალი წლის საზღვარი პირველებმა სწორედ ამ კუნძულის 5 ათასმა მაცხოვრებელმა გადაკვეთა. იქ 2025 თბილისის დროით დღის ორ საათზე დადგა.
მას მალევე მიჰყვა ახალი ზელანდია, სადაც ყოველ წელს ერთ ერთი ყველაზე მასშტაბური საზეიმო შოუ იმართება, მათ შორის, არის ოკლენდის ლეგენდარული ფეიერვერკი. 328 მეტრიანი ცათამბჯენიდან გასროლილი პიროტექნიკის სანახავად ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მოქალაქეებმა ქალაქის გარშემო ვულკანურ ბორცვებზე მსვლელობა გამართეს, ეს ტრადიცია ხუთმილიონიან ქვეყანაში მაორის ტომის უფლებების დაცვისთვის დამკვიდრდა.
შემდეგი ფიჯი იყო, ხოლო მალევე ესტაფეტა ჩაიბარა ავსტრალიამ.
4 საათის წინ სიდნეი 2025 წელს რობი უილიამსთან ერთად გრანდიოზული საახალწლო ფეიერვერკით შეხვდა, რომელიც 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. შოუს ნაწილი იყო ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე მოწყობილი ილუმინაციებიც. თუმცა მხოლოდ წყნარი ოკეანის ქვეყნები არ ხვდებიან პირველები ახალ წელს. მოწინავე პოზიციებზე,
წლების საზღვართან ყველაზე ახლოს იმყოფება ტონგაც და სამოაც. ახალი წელი ერთად დგება იაპონიაში, ორივე კორეაში და ვლადივასტოკში. ამომავალი მზის ქვეყანა 1 იანვარს დიდთოვლობით ხვდება. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო იაპონიაში ასობით ავიარეისია გაუქმებული, რის გამოც ბევრმა ვერ შეძლო მშობლიურ სახლებში დაბრუნება. ახალ წელს იაპონელები ტრადიციული ზარებით ხვდებიან.
იაპონელებს სჯერათ, რომ ადამიანს 108 საზრუნავი აქვს, ზარის ხმას კი ამ საზრუნავის დავიწყება შეუძლია.