01 იანვარი 2025,   10:15
ვრცლად
"ივანიშვილის უსამართლო, დაუსაბუთებელი სანქცირება უნდა განვიხილოთ, როგორც აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაციისა და Deep State-ის სასოწარკვეთილი ნაბიჯი და საბოტაჟი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ" - "ერთიანი ნეიტრალური საქართველო"

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია საბოლოოდ ნათელს ხდის უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების რეალურ მიზეზებს.

"ის, რაც გუშინ ოქსიმორონი იყო, დღეს რეალობად აქციეს და გვითხრეს, რომ მშვიდობა - დასჯადია. საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვა - დასჯადია. ეს კი, იმ ფონზე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც მისი ქვეყანა დამანგრეველი ომისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე იქნა წარდგენილი მშვიდობის დარგში.

ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ფარისევლობა უკვე დიდი ხანია, რაც დასავლური ბიუროკრატიის ხელწერად იქცა. ყველას გვახსოვს, რომ სააკაშვილის რეჟიმს “დემოკრატიის შუქურას” უწოდებდნენ და მას მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ქვეყნის შიგნით ნებისმიერ ძალადობრივ, არაჰუმანურ და არადემოკრატიულ ქმედებაზე, ამერიკის ინტერესების მსახურების და 2008 წელს საქართველოს ომში ჩართვის სანაცვლოდ.

იგივე გრძელდება დღესაც. ევროკავშირის გზაზე აწინაურებენ დსთ-ის წევრ მოლდოვას, სადაც აკრძალეს ოპოზიციური პარტიები, დახურეს დამოუკიდებელი მედია და გარდა ამისა, ყველა ობიექტური კრიტერიუმით მოლდოვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოს, რომელიც უსამართლოდ ისჯება და ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურების საკითხი მხოლოდ მისი შანტაჟისთვის გამოიყენება. შეგნებულად არ შევჩერდებით ომში მყოფ უკრაინაზე, საიდანაც ყოველდღიურად მოდის ცნობები ღრმად ფესვგადგმული და მასშტაბური კორუფციის შესახებ.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შეფასების ობიექტური კრიტერიუმები აღარ არსებობს, არც თავად შემფასებელია ობიექტური, რადგან უპირატესი გახდა საქართველოს ომში ჩართვის პოლიტიკური ამოცანა. სწორედ ამას ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც ქვეყნის ინტერესები არ გაცვალა პირად კეთილდღეობაზე. ცხადია, ღირსებისა და პატრიოტიზმის ეს ხარისხი უცხოა იმ ძალებისთვის, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდებიან და ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილისთვის, რომელიც ივანიშვილის სანქცირებით ხარობს.
ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ აშშ-ის თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან გადადგმული ყოველი ახალი უსამართლო ნაბიჯი კონტრპროდუქტიულია, აზიანებს თავად ავტორებს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მტერთან ბრძოლაში.

ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს სათანადოდ შეაფასებს ისტორია, ხოლო ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ისტორიაში დარჩება იმით, რომ მან 4 წელიწადში სრულად ჩამოანგრია ამერიკის ათწლეულების განმავლობაში ნაშენები რეპუტაცია, მისი ძლევამოსილების მითი და წარმოაჩინა ამერიკის საგარეო პოლიტიკის რეალური მიზნები, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ასევე გლობალური მასშტაბით.

ივანიშვილის უსამართლო, დაუსაბუთებელი სანქცირებაც უნდა განვიხილოთ, როგორც წარმავალი ადმინისტრაციისა და Deep State-ის სასოწარკვეთილი ნაბიჯი და საბოტაჟი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ", - აღნიშნულია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში. 

დღის ამბები