17 იანვარი 2025,   20:24
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი ჯეიჰუნ ბაირამოვს: კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საგარეო მინისტრების დონეზეც პოლიტიკური დიალოგი იყოს ინტენსიური

"კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საგარეო მინისტრების დონეზეც პოლიტიკური დიალოგი იყოს ინტენსიური," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას, კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში, ბაქოში განახორციელოს. მისივე თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკან დგას ძალიან ძლიერი მეგობრობა ჩვენს ხალხებს, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა საქართველოსთვის. ამის გამოხატულებაა ის, რომ ჩემი ვიზიტი ხორციელდება დღეს აზერბაიჯანში. ძალიან ინტენსიურია დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა.

ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ეს პარტნიორობა პოლიტიკურ დონეზე ძალიან ინტენსიურია. ხვალ გაიმართება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბაქოში, სადაც შესაძლებლობა გვექნება ჩავატაროთ ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, რომელიც კიდევ ერთხელ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი საკითხები იყოს განხილული.

საქართველოცა და აზერბაიჯანიც რეგიონში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ის მართლაც სანიმუშო ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება, გამოყენებული იყოს კიდევ უკეთ, რაც დღეს ჩვენი რეგიონის წინაშე დგას.

ამ ყველაფრისთვის, საჭიროა რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა. საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის ის ქვეყანა, რომლის ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, რაც უსაფრთხოების გამოწვევებს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის. ის მოვლენები რაც ვითარდება რეგიონში, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხით, არის საფრთხის შემცველი, თუმცა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა სუვერენიტეტის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა, რაც უდევს საფუძვლად ჩვენს ურთიერთობებს," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტის და კომუნიკაციების, ასევე ჰუმანიტარული საკითხები.

შეხვედრის შემდეგ, ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები