03 მაისი 2024,   19:07
ვრცლად
2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ მილიონ 300 ათასზე მეტ ტურისტს უმასპინძლა

2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს მილიონ 300 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ აქედან მილიონი იყო უშუალოდ ტურისტი, რაც 11 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე აღსანიშნავია, რომ რეკორდულია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამასთან, სრულად აღდგა კოვიდპანდემიამდელი მდგომარეობა - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 7 %-მდეა.

აღსანიშნავია ევროკავშირიდან ვიზიტორების ზრდის რეკორდული მაჩვენებლები - იანვარი-მარტის პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ოდენობა, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 44.4%-ით მეტია.

2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია (2019 წელთან შედარებით ზრდა 46.1%); გაერთიანებული სამეფო (ზრდა 2019 წელთან 27%.) და ა.შ. გაზრდილია მაღალ მხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების ოდენობაც: ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 27.9%-ით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა 21.6% -ია. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია საუდის არაბეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 33.5%-ით, ხოლო ქუვეითიდან ვიზიტები - 66.3%-ით.

დღის ამბები