გასული ღამის განმავლობაში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს პერიოდულად აკავებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში დააკავეს 50 პირი.
წინა დღეებში დასახელებული ციფრებიდან გამომდინარე, დაკავებულთა საერთო რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დროებითი მოთავსების იზოლატორებშია, ნაწილი კი ადვოკატების ცნობით კლინიკებში იმყოფება. მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება ადმინისტრაციული საქმეების განხილვა. დაკავებულებს, ძირითადად, პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
გარკვეულ შემთხვევებში, ადვოკატები განხილვის გადადებას მოითხოვენ ვინაიდან, მათი განცხადებით, დაცვის ქვეშ მყოფთა ნაწილი არის დაშავებული, - მათ აღენიშნებათ გარეგანი დაზიანებები და ზოგიერთს აქვს მოტეხილობაც.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე: "აღენიშნება სხვადასხვა დაზიანება სახის არეში, ასევე ტანის არეშიც. მე არ მინახავს ტანის არეში რა დაზიანებები აღენიშნება, რადგან ტანსაცმელი აცვია, მაგრამ სახეზე მკვეთრად აღენიშნება დაზიანება. მე ვუთხარი ამ პიროვნებას, რომ სახალხო დამცველს მოუყვეს ყველა ისტორია.მეორე პირსაც, რა თქმა უნდა, გაუსწორდნენ ფიზიკურად და, ამ მომენტისთვის, ნორმალურად არის - მას გაეწია სამედიცინო მომსახურება."
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი: "პირს, რომელსაც დღეს ჩვენ წარმოვადგენთ, აქვს შედგენილი ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 73-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ შსს-ის წარმომადგენლების მხრიდან დადასტურდეს, რაში ვლინდებოდა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა და, მეორეს მხრივ, რაში გამოვლინდა ის, რომ ჩვენი მარწმუნებელი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას."
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე: "მე როგორც მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, გუშინ გათავისუფლებული ეს პირები, რომლებიც ახლა უკვე უნდა მოვიდნენ სასამართლოებში, მათგან 2-3 პირი მოსვლას ვერ ახერხებს იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ მათგანს ნეკნის არეში დაზიანება აქვს და, სავარაუდოდ, მოტეხილობაა, ერთ-ერთს ყბის ძვალი აქვს მოტეხილი და ორი პირი, რაც ვიცი ჩემი კოლეგებისგან გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. შესაბამისად, დღეს პროცესზე ვერ მოვა, ფიზიკურად.
ჩვენი ადვოკატების შუამდგომლობა იქნება, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების გარეშე, ფიზიკურად ვერ განვაგრძობთ პროცესს, ამიტომ მოვითხოვთ პროცესის გადადებას. მინიმუმ, 200 კაცია დაკავებული და რაც შეეხება მათ ადგილმდებარეობას - თბილისის იზოლატორებში, ფაქტობრივად, ადგილი არ არის და გარდა თბილისის იზოლატორებისა, აღნიშნული პირები, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, გადაყვანილები არიან სხვადასხვა ქალაქებში."