30 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
"ვიზუალური დათვალიერებითაც, სახის არეში, აღენიშნება სიწითლეები და ნაკაწრები... მოვითხოვეთ, რომ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს" - უფლებადამცველებმა აქციის დროს დაკავებული დემონსტრანტები მოინახულეს

საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები უფლებადამცველებმა მოინახულეს. როგორც ადვოკატებმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს აღნიშნეს, დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.

ადვოკატ ნიკა სადრაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც მისი მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დატოვება მოითხოვა.

"მოვინახულე დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც დააკავეს აქციების მიმდინარეობისას. მისი განმარტებით, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ვიზუალური დათვალიერებითაც, სახის არეში, აღენიშნება სიწითლეები და ნაკაწრები, წელის ტკივილსაც უჩივის. სავარაუდოდ, დაბეჟილობაა, ან სხვა რაიმე პრობლემა. აქ კი მოახდინეს სამედიცინო შემოწმება, მაგრამ მაინც მოვითხოვეთ, რომ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ვიზუალურად თვალსაჩინოა დაზიანებები", - განაცხადა ნიკა სადრაძემ.

ადვოკატის, მარიამ მაღრაძის განცხადებით, მის მიერ მონახულებული ორი დაკავებულიდან, ორივეს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

მისივე თქმით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ პირებს ტელეფონები აქვთ ჩამორთმეული.

"ამ დროისთვის, შევხვდი ორ ადამიანს, ორივე არის ნაცემი. თავისა და სახის არეში აქვს მძიმე დაზიანებები. ამ ადამიანებს ტელეფონები აქვთ წართმეული", - განაცხადა მარიამ მაღრაძემ.

დღის ამბები