30 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
"საქართველოში ვერ შედგება "ნაცმაიდანი", ყველა ძალადობრივი დაჯგუფების უკან, რომელიც მოქმედებდა გუშინ და გუშინწინ, დგანან რადიკალური ოპოზიციური ძალები" - ირაკლი კობახიძე

იცით, რა მოუტანა თავის დროზე "მაიდანმა" უკრაინას, 5 დღეში დაიწყო ომი, ქვეყანამ, საბოლოო ჯამში, დაკარგა ტერიტორიების 20 %, ჩამოიშალა უკრაინის ეკონომიკა, "მაიდნის" სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა ძალადობრივი დაჯგუფების უკან, რომელიც მოქმედებდა გუშინ და გუშინწინ, დგანან რადიკალური ოპოზიციური ძალები.

"რეალურად, ნახეთ, რომ გუშინ, პრაქტიკულად, აქციაც კი არ გამართულა. ეს არ იყო აქცია კლასიკური გაგებით, პირდაპირ მივიდნენ და როგორც კი შეგროვდნენ ძალადობრივი დაჯგუფებები, მაშინვე დაიწყეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს, ისინი იყვნენ ადგილზე, თუმცა იყვნენ კამერებს არსებითად მოფარებული იმისათვის, რომ გულწრფელი მომიტინგეები არ დაშლილიყვნენ, ეს იყო სტრატეგიული გათვლა, მაგრამ ყველა ძალადობრივი დაჯგუფების უკან, რომელიც მოქმედებდა გუშინ და გუშინწინ, დგანან, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციური ძალები. "მაკკეინი ინსტიტუტის" ანგარიშში პირდაპირაა გაშიფრული ეს სცენარი, როგორ უნდა დაეორგანიზებინა რადიკალურ ოპოზიციას ძალადობრივი დაჯგუფებები იმისათვის, რომ თავს დასხმოდნენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი ამ სცენარის მიხედვით წარიმართება, თუმცა როგორც ჩავარდა ეს სცენარი ამ წლის პირველ ნახევარში, შარშან, მანამდე, 2020 წლის ბოლოს, 2021 წელს, 22 წელს, ჩავარდება ახლაც. ჩვენ გამოვიარეთ მხოლოდ ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში გარედან დაგეგმილი და დაფინანსებული რევოლუციის ორი მცდელობა, თუმცა ორივე ჩავარდა. დღეს, ოპოზიციის რესურსები არის კიდევ უფრო მეტად მწირი, აქედან გამომდინარე, რევოლუციის ვერც მესამე მცდელობა ვერ შედგება, საქართველოში ვერ შედგება, რა თქმა უნდა, „ნაცმაიდანი“. იცით, რა მოუტანა თავის დროზე "მაიდანმა" უკრაინას, 5 დღეში დაიწყო ომი, ქვეყანამ, საბოლოო ჯამში, დაკარგა ტერიტორიების 20 %, როცა მანამდე სრულად ვრცელდებოდა ხელისუფლების იურისდიქცია მთელ ტერიტორიაზე. ჩამოიშალა უკრაინის ეკონომიკა, მაშინ 200 მლრდ დოლარი იყო უკრაინის ეკონომიკა, ჩვეულებრივად, მშვიდობიანად რომ გაგრძელებულიყო ქვეყნის განვითარება, დღეს, უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით იქნებოდა ნახევარი ტრილიონი დოლარი, თუმცა დღეს არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო 2013 წელს. ვიღაცეებს უნდათ ამ სცენარის განხორციელება საქართველოში, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოში ვერ შედგება "ნაცმაიდანი". დღევანდელი საქართველო არ არის არავითარი გაგებით 2013 წლის უკრაინა, შესაბამისად, "მაიდნის" სცენარი აქ ვერ განხორციელდება",- განაცხადა პრემიერმა.

 

დღის ამბები