"როდესაც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა 50 წლის ხდება, ჩვენ გვჭირდება დიალოგი და ლიდერობა" – ამ სათაურით, "ევრონიუსი" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ვრცელ წერილს აქვეყნებს.
"ცივი ომის დროს, ფინეთში ვიზრდებოდი და ყოველთვის კარგად ვიცოდი, რამდენად არასტაბილურია საერთაშორისო ურთიერთობების მდგომარეობა - როგორ შეიძლება, ერთმა არასწორმა გაანგარიშებამ ან პროვოკაციამ უზარმაზარი გავლენა იქონიოს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაზე, ვისი ბედიც მადარდებს.
საბჭოთა კავშირთან 1340-კილომეტრიანი საზიარო საზღვრის პირობებში, დასავლეთის მოწინააღმდეგესთან სიახლოვემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, რომლის დიდი ნაწილიც მიმართული იყო იმისკენ, რომ აგვერიდებინა ჩვენს დიდ, უფრო ძლიერ მეზობელთან მტრობა", - წერს კაუმა.
ფინელი პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ დიალოგი და სამშვიდობო ძალისხმევა არ არის სწორხაზოვანი და არ არსებობს მიდგომა "ერთი ზომა ყველასთვის".
"ჩვენი როლია არჩევნებზე დაკვირვება, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას როგორც მოქალაქეებისთვის, ისე - საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რათა შეფასდეს პროცესი, რომლის მეშვეობითაც ლიდერებს ირჩევენ", - წერს კაუმა.
ის, სტატიის ერთ-ერთ თავში, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს.
"ცოტა ხნის წინ, მე ვხელმძღვანელობდი ორ სადამკვირვებლო მისიას აშშ-სა და საქართველოში - ვიმუშავეთ სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ბოლო არჩევნების შესახებ ავთენტური ანგარიშების წარმოსადგენად.
შეერთებულ შტატებში ჩვენმა დაკვირვებამ დაადგინა, რომ ჩართულობა მაღალი იყო პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით და რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო მაღალი კონკურენტუნარიანობის, მაგრამ საზოგადოების ნდობას ძირი გამოუთხარა დეზინფორმაციამ და პოლიტიკურმა ძალადობამ.
საქართველოში ვიხილეთ მწვავე პოლარიზაცია პარტიებს შორის, მაგრამ ამ არჩევნებმა ამომრჩევლებს შესთავაზა ფართო არჩევანი, სადაც კანდიდატებს შეეძლოთ ეწარმოებინათ თავისუფალი კამპანია. 500-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 42 ქვეყნიდან, რომელთაც წვლილი შეიტანეს ამ მისიაში - ისინი დაეხმარნენ ქართველ ხალხს იმის გაგებაში, თუ როგორ მოვიდა მათი ახალი მთავრობა ხელისუფლებაში და წარვადგინეთ კონკრეტული მითითებები საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების შესახებ, რომლებიც მომავალში უნდა აღმოიფხვრას.
საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას გადავეცი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მზაობა, რათა კონსტრუქციულად ჩაერთონ ახალ საკანონმდებლო ორგანოში იმ რეკომენდაციის განსახილველად, რომელიც გამომდინარეობს ODIHR-ის საბოლოო ანგარიშიდან (რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი)", - წერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.